WB: საირიგაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო საქართველოს მთლიანი სარწყავი მიწის ფართობების შემცირება ემუქრება

584

წინა სტატია

“საქართველოში სოფლის მეურნეობის მაღალი დამოკიდებულება ნალექებზე იწვევს დაუცველობის ზრდას კლიმატური პირობების მიმართ”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მონაცემების თანახმად, ირკვევა, რომ ფაქტობრივი სარწყავი ფართობი, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს დაახლოებით 386,000 ჰექტარს შეადგენდა, 2015 წლისთვის, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების ნაკლებობის გამო, 43,000 ჰექტარამდე შემცირდა.

“სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში ბოლოდროინდელმა ინვესტიციებმა, შესაძლებელი გახადა ირიგაციის მომსახურების მიწოდება ადრინდელი სარწყავი ტერიტორიების ნაწილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სარწყავი ფართობის ზრდის კუთხით და 2015 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში სარწყავი ფართობები 88,000 ჰექტარიდან 130,000 ჰექტარამდე გაიზარდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მნიშვნელოვანი ფართობი კი კვლავაც ნალექებზეა დამოკიდებული.

საქართველოში სახელმწიფო საირიგაციო სისტემით ირწყვება მხოლოდ 65000 ჰექტრამდე, რაც ნიშნავს, რომ მთლიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მხოლოდ 31% იწარმოება სარწყავ მიწებზე”, – ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ნალექებზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობის სისტემები დაუცველია პროგნოზირებული კლიმატის ცვლილების მიმართ. ტემპერატურის მატება, ნიადაგების ეროზია, ნალექების ცვალებადობა, დაბალტენიანობისა და გვალვიანობის ზრდა უკვე გავლენას ახდენს საქართველოზე, რასაც ემატება კლიმატის ცვლილებების მიმართ ფერმერების ადაპტაციის დაბალი უნარი და დაუცველობის ზრდა.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობის, წყლისა და მიწის სექტორებში არსებული შეზღუდვების მოგვარება და შესაძლებლობების გამოყენება ერთმანეთისგან იზოლირებულად შეუძლებელია. მიწა და წყალი სასრული რესურსებია, ხოლო სოფლის მეურნეობა და მისი პროდუქტიულობა ამ სასრულ რესურსებსა და მათ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული.

“ეს კიდევ უფრო მკვეთრად არის გამოხატული საქართველოში, სადაც თბილი და მშრალი კლიმატის ტენდენციები (ზოგიერთ გამონაკლისის გარდა), კვლავაც შეუწყობს ხელს ისეთი მძიმე მოვლენების განვითარებას, როგორიცაა წყლის დეფიციტი და მიწის დეგრადაცია. იმის გამო, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა, ძირითადად, ნალექებზეა დამოკიდებული, ინვესტიციები ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ექსტრემალური კლიმატური პირობებისგან დასაცავად და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

კვლევის თანახმად, იმ დროს, როდესაც ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც გვალვა ხშირია, ექტრემალური კლიმატური პირობებისგან თავის დასაცავად საჭიროებს სარწყავი სისტემების გამოყენებას, ქვეყნის დასავლეთ ნაწილი, სადაც ტენიანობა მაღალია, დრენაჟის პრობლემების წინაშე დგას. ამავე დროს, რეგულარული ტექნიკური მომსახურების ნაკლებობის, დიდი ინფრასტრუქტურული სისტემების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სირთულეების, ირიგაციისა და დრენაჟის მართვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შემცირების შედეგად, ირიგაციისა და დრენაჟის ინფრასტრუქტურის დეგრადაციამ, საქრთველოში გამოიწვია ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების გაუარესება. მოსალოდნელია, რომ მიწის რესურსებზე ზეწოლა ასევე გაიზრდება, რაც აუცილებელს გახდის საქართველოში სასოფლო- სამეურნეო მიწების უფრო ეფექტურ მართვას.

“საირიგაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო საქართველოს ემუქრება მთლიანი სარწყავი მიწის ფართობების შემცირება. საქართველოს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, მაგისტრალური არხების სისტემების დიდი ნაწილისა და ზოგიერთ რაიონში მეორადი და მესამეული სარწყავი სისტემების რეაბილიტაცის სახით, რომ სარწყავი ფართობი 88 000 ჰექტარიდან (2015 წელს) დაახლოებით 130 000 ჰექტარამდე გაზრდილიყო 2020 წელს. “საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგია” მიზნად ისახავს, 2025 წლისთვის, მთლიანი სარწყავი ფართობის გაზრდას 200 000 ჰექტარამდე. “საქართველოს მელიორაციის” მონაცემებით, რომელიც საქართველოში ირიგაციის ეროვნული სააგენტო და სერვისის მთავარი მიმწოდებელია, 2020 წელს სულ 123 სარწყავი სქემა გამოიყენებოდა. ამრიგად, 2020 წლის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ირიგაცია ხელმისაწვდომია 130,000 ჰექტარზე, სახელმწიფო სარწყავი სისტემებით ირწყვება მხოლოდ დაახლოებით 65,000 ჰექტარი. ეს დიდწილად იმიტომ ხდება, რომ ირიგაციისა და დრენაჟის ბევრი სისტემა ჯერ კიდევ საჭიროებს რეაბილიტაციას და ინსტიტუციური ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, რომლებიც საშუალებას მისცემს სისტემებს, იყოს მდგრადი”, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ არსებული სარწყავი სქემების მიმდინარე რეკონსტრუქცია არ იქნება საკმარისი მიზნობრივი ტერიტორიებისთვის სერვისების მიწოდების გასაუმჯობესებლად, რადგან კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების პირობებში, სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობა იქნება შემზღუდველი ფაქტორი.

“შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ კომპლექსური ინვესტიციები წყლის რესურსებით უზრუნველყოფის უსაფრთხოებაში, რომლის შედეგადაც გაუმჯობესდება ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების ეფექტური და მდგრადი მიწოდება აუზიდან ფერმამდე, უმნიშვნელოვანესია დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობიდან ეკონომიკურად უფრო სიცოცხლისუნარიან, მაღალშემოსავლიან სოფლის მეურნეობაზე გადასასლელად და აუცილებელია მედეგობის გასაძლიერებლად იმ ექსტრემალური კლიმატური მოვლენების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოში აგრარული სექტორის ზრდას”, – ნათქვამია ანგარიშში.