“ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობები“ – პროექტის პრეზენტაცია დღეს იმართება

398

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას – ქუთაისში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად გამართავს.

ღონისძიება დღეს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება და ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო პროცესის დაწყებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჩართულ / დაინტერესებულ მხარეებს შორის პრივატიზაციისა და კერძო სექტორის ჩართულობის მხარდასაჭერად.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინფორმაციით, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მასში მონაწილეობას უცხოელი ინვესტორებიც მიიღებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთოხების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი, და USAID საქართველოს დელეგაციის წევრები, ასევე კერძო სექტორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, Cushman & Wakefield (C&W, უძრავი ქონების განვითარების საერთაშორისო კომპანია)-თან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. C&W-მა მოახდინა  ქუთაისში, ლ. ასათიანის ქ. N 96-ში მდებარე 72836 კვ.მ, ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხნის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 03.04.32.761 ) ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, შეიქმნა ბიზნესგეგმა, ფინანსური მოდელი და მისი განვითარების არქიტექტურული რენდერი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება გამორჩეულია თავისი საინვესტიციო პოტენციალით და მიმზიდველობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინვესტორების დაინტერესებას აღნიშნულ ობიექტზე მულტიფუნქციური ცენტრის მოსაწყობად.

პრეზენტაციის ფარგლებში, MOESD, NASP და USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფართო აუდიტორიას და სხვადასხვა მასშტაბის ინვესტორებს რეგიონის შესაძლებლობების და პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად, ქუთაისსა და მის მიმდებარედ არსებულ 25 საინვესტიციოდ მიმზიდველ სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს. მათ შორის, ქალაქ ქუთაისის ისტორიულ და ცენტრალურ უბანში, შოთა რუსთაველის ქუჩა #3-ში მდებარე ქუთაისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობას.

აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განვითარების პროექტი იქნება იმერეთის რეგიონში. საქართველოში განხორციელებული მსგავსი ინიციატივები, რეკონსტრუქციები, ხელახალი განვითარება და ორიგინალური საწარმოო ხედვა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.