გლეხების ნაწილი აგრობარათებს ვერ იღებს და მიწის მესაკუთრეთა დახმარების პროგრამით ვერ სარგებლობს

662

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებულ აგრობარათს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ იღებს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

გლეხები ამბობენ, რომ აგრობარათს ვერ იღებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც მიწა საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული. ამის შესახებ, რადიო ჰერეთს მიწების ფაქტობრივმა მფლობელებმა თავად შეატყობინეს. ფერმერების ნაწილი, მიწის რეალური მფლობელია, წლების განმავლობაში ამუშავებს, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწა საკუთრებაში არ აქვს.

“მე არ მაქვს მიწა დარეგისტრირებული და უახლოეს მომავალში ვერც შევძლებ, რადგან ფასიანი გახდა და თითქმის 300 ლარი ღირს. ამის შესაძლებლობა არ მაქვს, მითხრეს, რომ აგრობარათზე ქულები ვერ დამერიცხება. გამოდის, სახელმწიფო ერთი ხელით დახმარებას მაძლევს, მეორეთი კი, ხელს მიშლის. როცა გადაწყვეტილებას იღებდნენ, ამაზე უნდა ეფიქრათ. ესე იგი გვჩაგრავენ?” – ამბობს მიწის მფლობელი, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან.

ანალოგიურ მდგომარეობაში არიან კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები, რომლებსაც მიწა საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული. სოფლის განვითარების სააგენტოში ადასტურებენ, რომ აგრობარათებზე ქულების დასარიცხად, მხოლოდ რეესტრის მესაკუთრეთა სიას იყენებენ.

“ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რაც არის საჯარო რეესტრში. სანამ უფასო იყო მიწის რეგისტრაცია, ჯობდა დაერეგისტრირებინათ, თუმცა, ეს სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. ქულების დარიცხვა პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ პროგრამით ყველა მესაკუთრე ისარგებლებს. ძალიან ვწუხვართ, თუ ყველა ვერ ახერხებს ჩართვას”- განაცხადეს სოფლის განვითარების სააგენტოში.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები და თანამესაკუთრეები მიიღებენ. 1 ჰექტარ ფართობზე, მიწის მფლობელს, 300 ლარის შესაბამისი ქულა ერიცხება. პროგრამით 300 ათასზე მეტმა მცირემიწიანმა ფერმერმა უნდა ისარგებლოს.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს.