ბორჯომში რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის სანაპიროზე ახალი სკვერის მოწყობა დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წევრები ადგილზე გაეცნენ.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელება და მისი საერთო ღირებულება 846 155 ლარს შეადგენს.
„შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე მოეწყო სკვერი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა,ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დასახლებაში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.