რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას აგრძელებს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, პროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ:
“ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კარდიოქირურგიული და გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, კომპიუტერული გამოკვლევები 0-70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ-ქალაქი რუსთავი”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.
დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად, გამოცემა “ინფო რუსთავი” მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა ბუცხრიკიძეს დაუკავშირდა.
სამსახურის ხელმძღვანელმა “ინფო რუსთავთან” კონკრეტულ თანხებზე ისაუბრა, რომლითაც პროგრამით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაა შესაძლებელი.
“ამ პროგრამის ფარგლებში ვაფინანსებთ 3 მიმართულებას, ეს არის ონკოლოგია, კარდიო-ქირურგია და გეგმიური ქირურგია. თითოეულის შემთხვევაში დაწესებული გვაქვს ზედა ზღვარი. ონკოლოგიის შემთხვევაში, ეს არის 2500 ლარი, კარდიო-ქირურგიის შემთხვევაში 2000 ლარი, ხოლო გეგმიური ქირურგიის შემთხვევაში 1000 ლარი. ზღვრულ ოდენობას სამსახური განსაზღვრავს ოჯახის შემოსავლებიდან გამომდინარე. კომისია იმსჯელებს ინდივიდუალურად და გადაწყვეტილებას ოჯახის შემოსავლების, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიაში მოქმედებს დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამაც. აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანი დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების მატერიალური დახმარების გაწევაა.
“თანხის ოდენობა შეადგენს 80 ლარს. მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ). გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ბენეფიციარი ვალდებულია, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ (კალენდარული წლის დასაწყისში არა უგვიანეს 25 თებერვლისა და წლის მეორე ნახევარში არა უგვიანეს 25 ივლისისა) წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა IV-100/ა, აღნიშნული დოკუმენტის არწარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურების განხორციელება, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.