ჯერ ქუჩა გადათხარეს და მერე ფასადების გაკეთება დაიწყეს – ვითარება ქარელის ცენტრში

263

ქარელში კორპუსების გარეფასადების და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც თვეზე მეტია ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე ტროტუარები გადათხრილია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“კარგია, რომ აკთებენ, მაგრამ დროულად ხომ უნდა გააკეთონ. ჯერ ქუჩა გადათხარეს და ფასადების რემონტი შემდეგ დაიწყეს”, – ამბობენ ადგილობრივები.

ერთ-ერთი, ვისაც გადათხრილი ქუჩა პრობლემებს უქმნის, ესმა ყულბანოვია. ის ცენტრალურ ქუჩაზე, მაღაზიაში მუშაობს.

“თვეზე მეტია ტროტუარები გადათხრილია. ისედაც ავადმყოფი ქალი ვარ, ამ მტვერმა და გადათხრილმა ქუჩამ კიდევ უფრო ცუდათ გამხადა”.

სამუშაოების თანმიმდევრობა და ვადები უცნობია ქარელის მერიისთვის. როგორც უწყებაში ამბობენ, სამუშაოები პროექტის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში ტარდება და მერია მათ განხორციელებაში ჩართული არაა.

ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ არც იმ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოებს ახორციელებენ.

“როგორც ვიცი ჩვენ გველოდებიან, როგორც კი ფასადების რეაბილიტაციას მოვრჩებით, ტროტუალების გაკეთებაც შემდგომ განახლდება. ზუსტი დრო არც მე ვიცი, ჩვენ აქ ჩამოსული მუშახელი ვართ, ვადები ჩვენთვის ცნობილი არ არის”, – გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ.