ბაკურიანში, თამარ მეფის №35-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

238

ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩის №35-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, 31,5 გრძივი მეტრი სიგრძის და 4,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტისა და საავტომობილო გზის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენს მუნიციპალიტეტში, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მწვავედ დგას აღნიშნული პრობლემა. შესაბამისად, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს ბაკურიანში, სადაც სამუშაოები მალე დასრულდება“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

კედლის მშენებლობას ბორჯომის მერია აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 71 556 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე კედლის მოწყობა არის დაგეგმილი.