მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2019 წელს დაჰპირნენ, რომ მალე მათ ვაგონებიან სკოლას, ძველ იატაკს, ჩამოხეულ შპალერს და ძველ მერხებს, ახალი, კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო დაწესებულება შეცვლიდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
8 საკლასო ოთახი, კლასლაბორატორია, სამასწავლებლო, დირექციის ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასის საერთო სივრცე, ბუფეტი, სარეკრეაციო სივრცე, ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, ფოიე გარდერობით, დერეფანი – ეს იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 279 750 ლარი გამოიყო და სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის 2 აგვისტოს გამოაცხადა.
სამუშაოების დასრულების ვადად კი ხელშეკრულების დადებიდან 160 კალენდარული დღე განისაზღვრა. დაახლოებით, სამი წელია, რაც სკოლა შენდება, თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე დაუსრულებელია და ახალ 2022-2023 სასწავლო წელს ჩანახჩელები კვლავ ვაგონში შეხვდებიან. სამუშაოების შეჩერების ზუსტი მიზეზი არც სკოლის დირექტორმა და არც ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იცის. როგორც “რადიო მარნეულთან” საუბარში ჩანახჩის საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა მანუკიანმა განაცხადა, ახალი შენობის მშენებლობა უკვე თვეებია შეჩერებულია.
“სამშენებლო მასალა გაძვირდა, ეს არის პრობლემა, ასე გვითხრა პროექტის მენეჯერმა. თანხის დამატება უნდაო. დროებით ისევ ვაგონებში ვიქნებით. შენობა თითქმის დასრულებულია, სახურავი არ აქვს, მაგრამ კედლები არის. სკოლის მშენებლობა ორი წელია შენდება. ნოემბერში საერთოდ შეჩერდა მშენებლობა” – ამბობს მანანა მანუკიანი.
მანანა მანუკიანისგან განსხვავებული პასუხი აქვს მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ალი გახრამანოვს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა ყველანაირ ვადებში ჯდება.
“არ ვიცი რა ვადებზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ სახელშეკრულებო ვადა გვაქვს, ვეტევით მაგ დროში – ასეთი პასუხი მივიღეთ”, – თქვა ალი გახრა.
“რადიო მარნეული” ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც დაუკავშირდა. თუმცა, გამოცემის ცნობით, მგფ-ს პასუხი არც სკოლის დირექტორის და არც რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებას ემთხვევა. ფონდში ამბობენ, რომ სკოლის სამშენებლო სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც კონტრაქტორმა ტენდერით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუწყდა.
ჩანახჩის საჯარო სკოლის შენობის დასასრულებლად მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ ტენდერს ახლო მომავალში გამოაცხადებს.
“გაუწყდა კონტრაქტორს ხელშეკრულება, ვერ შეასრულა სამუშაოები, რაც კონტრაქტით ჰქონდა ნაკისრი. ახლა გადაანგარიშება მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი ტენდერი” – ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში
ჩანახჩის სკოლის მშნებლობის დასრულების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. 2022-2023 სასწავლო წელს საგანმანათლებლო დაწესებულება 20 მოსწავლით გააგრძელებს.