ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა, უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და დიზაინერული საქმიანობის მიმართულებით. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები. დაიგეგმა სტაჟირების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს წარმატებულ სტუდენტებს დასაქმდნენ და განახორციელონ თავიანთი ინოვაციური იდეები ჩვენს ქალაქში.
„ფოთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, დავით კვიციანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე კირთაძემ მოაწერეს. სტუდენტებმა, შეხვედრაზე საკონკურსო და სემესტრული ნაშრომების ფარგლებში, პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს კონკრეტული პროექტები ქალაქგეგმარების და ურბანული განვითარების მიმართულებით. მემორანდუმი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და განათლების სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.