ქარელს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” ქარელის ოპოზიციონერი დეპუტატი ვასიკო ბაქრაძე ესაუბრა. ის ქარელის საკრებულოში “პარტიას” საქართველოსთვის წარმოადგენს. როგორც ბაქრაძე ამბობს, ქარელის მოსახლეობა რეგულარულად ტოვებს მშობლიურ ქალაქს და საცხოვრებლად თბილისში ან საზღვარგარეთ მიდის.
“უმუშევრობაა გარშემო, რაც არაერთ სხვა პრობლემას იწვევს. ქალაქში პრაქტიკულად არ არებობს ადგილები, სადაც ადამიანები შეძლებენ დასაქმებას. ამიტომაც ადამიანები, ახალგაზრდები მიდიან, რადგან აქ მათთვის პერსპექტივა არ არსებობს”.
ბაქრაძის თქმით, ვითარებას ართულებს ნეპოტიზმიც, რომელიც ადამიანებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.
“თუ სამუშაო ადგილი გამოჩნდება, მას აუცილებლად ისეთი ადამიანი დაიკავებს, რომელიც ადგილობრივ მმართველ გუნდთან დაახლოებული პირია. ნეპოტიზმი ალბათ უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ადამიანებში თანასწორობის შეგრძნებას და ყოველგვარ მოტივაციას აქრობს. ამიტომაც არის, რომ ადამიანები ტოვებენ ქარელს და საზღვარგარეთ მიდიან”.
ქარელის მოსახლეობა 2002 წლის მონაცემებით 10 133 ადამიანს შეადგენდა, უკანასკნელი, 2014 წლის აღწერის შედეგად კი, რაოდენობამ 6 654-მდე დაიკლო.