7 ნაჩუქარი უძრავი ქონება ყაზბეგსა და თბილისში – ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაცია

512

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

დავით ქირიკაშვილი “ქართული ოცნებიდან” ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის 2018 წლიდან ყაზბეგის მერის მოადგილე იყო, ამდენად, ქონებრივი დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 5-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის ბოლო კი – 2022 წლის თებერვალში.

32 წლის დავით ქირიკაშვილს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი. ოჯახი ფლობს 7 უძრავ ქონებას, მათ შორის ქირიკაშვილის სახელზე გაფორმებულია ექვსი, მეუღლის სახელზე – ერთი და ყველა ქონებას უწერია, რომ ნაჩუქარია. ვისგან მიიღო ეს საჩუქარი, ამ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.

დავით ქირიკაშვილისთვის 2020 წელს უჩუქებიათ 130 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 310 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, აღმაშენებლის N16-ში. ამავე წელს თბილისში, დელისის ქუჩაზე, უჩუქებიათ 525 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაზეც 2-სართულიანი შენობა-ნაგებობა დგას. (I სართული ფართით 106.65კვ.მ., II სართული ფართით 110.41კვ.მ., სარდაფი ფართით 119.14კვ.მ.).

2019 წელს უჩუქებიათ 1451 კვ.მ და 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთები დაბა სტეფანწმინდაში, ხოლო 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი – გუდაურში.

მეუღლისთვის, ანნა ყამარაულისთვის კი 2019 წელს უჩუქებიათ 1131 კვ.მ საცხოვრებელი სახლი დაბა სტეფანწმინდაში. სახლი ორსართულიანია, საერთო ფართით 400.75 კვ.მ და მეუღლე ამ სახლის 20%-ის მფლობელია. დანარჩენი წილის მფლობელია სანდრო ყამარაული.

დავით ქირიკაშვილი ასევე ფლობს ავტომანქანას. მას 6000 აშშ დოლარად 2014 წელს უყიდია მერსედეს-ბენც ML 320 W163.

დეკლარაციის შევსების დღეს დავით ქირიკაშვილს “საქართველოს ბანკის” სახელფასო  ანგარიშზე 3,8 ლარი ედო, ამავე ბანკის შეგროვებად ანაბარზე – 514,7 ლარი, უნივერსალურ ანგარიშზე – 2465,84 ლარი; “თი-ბი-სი ბანკის” უნივერსალურ ანგარიშზე  11 ლარი ედო; ხოლო “ლიბერთი ბანკის” ფეი ანგარიშზე 20,91 ლარის დავალიანება ჰქონდა. მეუღლეს, ანნა ყამარაულს “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 479,01 ლარი ედო.

დავით ქირიკაშვილს 2020 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 1300 აშშ დოლარის (32797,6 ლარი) იჯარის ხელშეკრულება გაუფორმებია, რომლის ვადა 2025 წლამდეა. მას ასევე აღებული აქვს ორი სახის სესხი „საქართველოს ბანკიდან“. 2021 წელს 10 200 ლარის სამომხმარებლო სესხია გამოუტანია, რომელიც 2031 წელს უნდა დაფაროს. ხოლო 2020 წელს აუღია 87 000 ლარის იპოთეკური სესხი, რომელიც 2032 წელს უნდა დაფაროს.

შემოსავლის ნაწილში წერია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს 2021 წელს 15 759,42 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. დეკლარაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში მას, ყაზბეგის მერის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ანაზღაურების სახით 13 155,46 ლარი მიუღია, ხოლო ოქტომბერ-დეკემბერში, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ – 1 791.94 ლარის ანაზღაურება.

მეუღლეს, ანნა ყამარაულს, ყაზბეგის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციიდან 2021 წელს  9 200,48 ლარის შემოსავალი მიუღია.

დეკლარაციის თანახმად, დავით ქირიკაშვილი და მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ არიან ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში და არავისგან მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაეწერა.

დავით ქირიკაშვილს პირველი დეკლარაცია 2018 წელს აქვს შევსებული, როცა ის ყაზბეგის მერის მოადგილედ დაინიშნა. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ის მერის მოადგილედ 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე კი შპს “გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” მშენებლობის ზედამხედველი იყო.

მისი პირველი დეკლარაცია აბსოლუტურად ცარიელია. არც უძრავი ქონება, არც ხელფასი, არც სხვა რაიმე შემოსავალი – ყველა გრაფა ცარიელია. დეკლარაციაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ფლობს ორ ავტომანქანას, 1998 წელს 4 000 დოლარად ნაყიდ ავტომანქანა ვაზ 212114-ს და 2014 წელს 6 000 აშშ დოლარად ნაყიდ  მერსედეს-ბენც ML 320-ს. ასევე წერია, რომ დეკლარაციის შევსების დღეს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 753,27 ლარი ედო. თუმცა, რომელ სამსახურში და რა პოზიციიდან მიიღო ეს ხელფასი და რატომ არ ჩათვალა საჭიროდ, ხელფასის გრაფაშიც ჩაეწერა ამ შემოსავალის შესახებ, გაურკვეველია.

2019 წლის დეკლარაციაში ხელფასის გრაფა უკვე შევსებულია და ვიგებთ, რომ ქირიკაშვილს ყაზბეგის მერის მოადგილის თანამდებობიდან 2018 წელს 19 802,86 ლარის ანაზღაურება მიუღია. დეკლარაციის დიდი ნაწილი ისევ ცარიელია.

გიორგი ქირიკაშვილს უძრავი ქონება უჩნდება 2020 წლის დეკლარაციაში. 2019 წელს ნაჩუქარი 2400 კვ.მ და 1451 კვ.მ; მიწის ნაკვეთები დაბა სტეფანწმინდაში და 400 კვ.მ ნაკვეთი გუდაურში. ეს სამივე ქონება ბოლო დეკლარაციაშიც არის აღნიშნული. 2020 წლის დეკლარაციით, მას უკვე ერთი ავტომანქანა ჰყავს – მერსედეს-ბენც ML 320. 4 000 დოლარად ნაყიდი ავტომანქანა ვაზ 212114 სად წავიდა, აღნიშნული არ არის.

2021 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრად ემატება მეუღლე. ამ დეკლარაციით, ოჯახს უკვე 8 უძრავი ქონება აქვს, ერთი – მეუღლეს და 7 – დავით ქირიკაშვილს. ქირიკაშვილს 4 ახალი ქონება მიუღია საჩუქრად: 310 კვ.მ და 130 კვ.მ ნაკვეთები – დაბა სტეფანწმინდაში და 525 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 336,2 კვ.მ სახლი – თბილისში, დელისის ქუჩაზე. ამ ქონებებიდან ბოლო დეკლარაციაში თბილისის 336,2 კვ.მ სახლი უკვე აღარ წერია. ყველა ეს ქონება ნაჩუქარია და საჩუქრის მიღების გრაფაში აღნიშნულია, რომ ეს ოთხი უძრავი ქონება ქირიკაშვილმა მშობლებისგან მიიღო. 2019 წელს საჩუქრად მიღებული 3 უძრავ ქონებაზე კი მჩუქებლის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული არ არის.

გიორგი ქირიკაშვილს მერის მოადგილის თანამდებობიდან, 2018-2021 წლებში, ჯამში 73 694,96 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2018 წელს – 19 802,86 ლარი; 2019 წელს – 21 920,64 ლარი; 2020 წელს – 18 816 ლარი; 2021 წლის იანვარ-სექტემბერში – 13 155,46 ლარი.