რა ქონებას ფლობს ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი – ქონებრივი დეკლარაციების ანალიზი

622

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ბაკურ ავსაჯანიშვილი “ქართული ოცნებიდან” ყაზბეგის მერი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მერად არჩევამდე, 2012-2020 წლებში, ის შს სამინისტროს მაღალჩინოსანი, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის, ბოლო დეკლარაცია კი – 2021 წლის ივლისში.

ბაკურ ავსაჯანიშვილს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. ფლობს 5 უძრავ ქონებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მათ შორის 4 მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

ბაკურ ავსაჯანიშვილს 2016 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში მემკვიდრეობით მიუღია საცხოვრებელი სახლი ეზოთი, რომლის მთლიანი ფართობი 2363 კვ.მ-ია. ნაკვეთზე 2 შენობა-ნაგებობა დგას, რომლის ფართობი აღნიშნული არ არის; ის ამავე სოფელში ფლობს 366 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაზეც 1 შენობა-ნაგებობა დგას. ამ ქონების 67% მასზე, ხოლო 33% მეუღლის სახელზეა გაფორმებული; 2020 წელს სოფელ არშაში ასევე მემკვიდრეობით მიღებული აქვს 5714 კვ.მ და 3308 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომელთა 99,99%-ის მფლობელია. ის ასევე ფლობს 2012 წელს 110 000 აშშ დოლარად ნაყიდ 108,04 კვ.მ ბინას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე.

სხვა ქონება, მათ შორის, მოძრავი, ყაზბეგის მერსა და მის მეუღლეს არ აქვთ.

სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია მეუღლე. მარიამ ჩოფიკაშვილი ინდმეწარმედ დარეგისტრირებულია 2017 წლიდან. მას 2020 წელს სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურ ავსაჯანიშვილს დეკლარაციები, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს აქვს შევსებული, მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რატომღაც, მხოლოდ ამ ბოლო დეკლარაციაში აქვს აღნიშნული.

დეკლარაციის შევსების დღეს ბაკურ ავსაჯანიშვილს “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 885,97 ლარი ედო. დედას ამავე ბანკის საპენსიო ანაბარზე – ნული ლარი. მეუღლის საბანკო ანგარიშის შესახებ არაფერია აღნიშნული.

ბაკურ ავსაჯანიშვილს 2019 წელს “თი-ბი-სი ბანკიდან” ორი სესხი გამოუტანია, 70 000 და 20 000 ლარის ოდენობით. ორივე სესხი 2030 წელს უნდა დაფაროს. პირველი სესხის დასაფარად 2020 წელს 6170,04 ლარი გადაუხდია, მეორე სესხისთვის კი – 1978,72 ლარი.

ბაკური ავსაჯანიშვილს შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, 16 755,25 ლარის შემოსავალი მიუღია. შემდეგ ის სსიპ “დაცვის პოლიციის დეპარტამენტის” ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო და 2020 წლის სექტემბერ-დეკემბერში 6650,69 ლარის შემოსავალი მიუღია.

ყაზბეგის მერს პირველი დეკლარაცია შევსებული აქვს 2012 წელს, როცა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მაშინ ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავდა დედა და მამა. პირველი დეკლარაციით, მას სამი უძრავი ქონება ჰქონდა: თბილისში ნაყიდი ბინა, ასევე 300 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ყველა დეკლარაციაშია, ფართობის მინიმალური ცვლილებით. გარდა ამისა ჰქონდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ასევე სოფელ არშაში. ბოლო დეკლარაციაში მერს ამავე სოფელში 3 მიწის ნაკვეთი აქვს, თუმცა, ყველა მათგანი ბევრად დიდი ფართობისაა, ვიდრე ეს 500 კვ.მ, ამიტომაც დიდი ალბათობით, მიწის ეს ნაკვეთი შემდეგ წლებში გააფართოვა, თუმცა, ამის შესახებ მითითებული არ არის.

ავსაჯანიშვილის პირველ დეკლარაციაში, შეიძლება ითქვას, რომ სხვა არაფერი წერია. დეკლარაციის შევსების დღეს მისი საბანკო ანგარიშიც კი ცარიელია. მშობლების საბანკო ანგარიშზე კი ინფორმაცია საერთოდ არ არის აღნიშნული. ასევე ცარიელია შემოსავლის გრაფაც და გაურკვეველია, ავსაჯანიშვილი შს სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდე სადმე მუშაობდა თუ არა. შემოსავლის გრაფაში მხოლოდ დედის ხელფასი აქვს მითითებული. დედას, ეთერ საბაურს, ყაზბეგში  შპს”იმედის” კლინიკაში სასწრაფო დახმარების ექიმის პოზიციიდან 2011 წელს 4320 ლარის ხელფასი მიუღია.

2013-2014 წლების დეკლარაციებიც ისეთივე ცარიელია, როგორც პირველი, არც საბანკო ანგარიშზე აქვს თანხა, არც სესხი აქვს აღებული და არც ავტომანქანა ჰყავს. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ დედის შემოსავალი უკვე აღარ წერია და ემატება თავად ავსაჯანიშვილის ხელფასის მონაცემები. მას ყაზბეგის შს რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 2012 წელს 5864 ლარის ხელფასი მიუღია;

2015 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრების გრაფაში ემატება მეუღლე. 2016 წლის დეკლარაციაში უკვე ერთი შვილი ჰყავს და ასევე უძრავი ქონების ნაწილში ემატება ერთი მიწის ნაკვეთი სოფელ არშაში, რომლის ფართობი 2700 კვ.მ-ია. გარდა ამისა, სოფელ არშაში წინა წლებში არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკვე გაზრდილია 800 კვ.მ-მდე. ამ წელს ავსაჯანიშვილს ჯამში 4 უძრავი ქონება ჰქონდა, მათ შორის, ბინა თბილისში და სოფელ არშაში 300 კვ.მ სახლი. ეს ორი ქონება უცვლელია პირველი დეკლარაციიდან.

2017 წლის დეკლარაციით, ის უკვე 5 უძრავ ქონებას ფლობდა. ემატება 365 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ არშაში, ხოლო ამავე სოფელში არსებულ 800 კვ.მ მიწაზე უკვე საცხოვრებელი სახლი ჰქონდა აშენებული, რომელიც 550 000 ლარი დაჯდა. 2017 წლის დეკლარაციით, სოფელ არშაში ფლობდა 300 კვ.მ, 365 კვ.მ, 800 კვ.მ და 2729 კვ.მ. მიწის ფართობებს.

2018-2020 წლების დეკლარაციებით, სოფელ არშაში არსებული 365 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკვე აღნიშნული აღარ არის. ეს ქონება ისევ ჩნდება ბოლო, 2021 წლის დეკლარაციაში. გარდა ამისა, ბოლო დეკლარაციაში სოფელ არშაში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთების ფართობებიც საკმაოდ გაზრდილია და საბოლოოდ, სოფელ არშაში არსებული მიწის ფართობებია: 365 კვ.მ; 2363 კვ.მ; 5714 კვ.მ; 3308 კვ.მ;

უძრავი ქონების გარდა, წინა წლებში ავსაჯანიშვილს ჰყავდა ავტომანქანაც, მას 2016 წელს 48 700 აშშ დოლარად უყიდია იმავე წელს გამოშვებული ტოიოტა პრადო. 2020 წელს, დეკლარაციით, ავტომანქანა უკვე აღარ ჰყავდა, თუმცა, გააჩუქა თუ გაყიდა, აღნიშნული არ არის. 2020 წლის დეკლარაციაში ავსაჯანიშვილს, რატომღაც, საკუთარი ხელფასიც აღარ ჩაუწერია.

ეს წლები ბაკურ ავსაჯანიშვილის ყაზბეგის შს რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე იყო და წლების განმავლობაში მისი შემოსავალი ასე გამოიყურება: 2012 წელს 5864 ლარის ხელფასი; 2013 წელს – 31 866 ლარი; 2014 წელს – 32 794 ლარი;  2015 წელს – 35 127 ლარი; 2016 წელს – 34 890,8 ლარი; 2017 წელს – 34 365 ლარი; 2018 წელს – 37 749 ლარი; 2019 წელი – არ წერია; 2020 წლის იანვარ-აგვისტო – 16 755,25 ლარი.

დეკლარაციების მიხედვით, ყაზბეგის მერი და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.