TV25: ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ბსუ-ს სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციას აიძულებს

351

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ბსუ-ს სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციას აიძულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“TV25-მა სახელისუფლებო ტროლების სქემა გაშიფრა. აჭარიდან ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წევრების დისკრედიტაციის კამპანიაში ბსუ-ს სტუდენტები არიან ჩართულები. თვითმმართველობის წევრები ამავე გაერთიანების თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძისა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, რიჩარდ სირაბიძის მითითებებს ასრულებენ. სტუდენტებს შემდეგი სახის დავალება აქვთ: კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს დასცინიან, მათ წინააღმდეგ სხვადასხვა გვერდზე ატვირთულ მასალებს აზიარებენ ან დამამცირებელ კომენტარებს წერენ. სირაბიძისა და დიასამიძის გაცემული დავალებების შესრულების მტკიცებულებებს სტუდენტები დღის ბოლოს, „დამკვეთებს“, სქრინების სახით უბრუნებენ. მოკლედ, როგორ მუშაობს ოპონენტების დისკრიმინაციის სქემა – მტკიცებულებებით, სულხან მესხიძე გვიერთდება.

ის, რაზეც ოპოზიცია მუდმივად ფაქტების გარეშე საუბრობდა TV25-ისთვის ექსკლუზიურად, მტკიცებულებებით გახდა ცნობილი. ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიაში სტუდენტები ჰყავს ჩართული. რიჩარდ სირაბიძე ბსუ-ს თვითმმართველობის ჩატშია გაწევრიანებული, სადაც ახალგაზრდებს ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დისკრედიტაციას აიძულებს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი სტუდენტებს სოციალურ ქსელში დამცინავი პოსტების გაზიარებას სთხოვს.

როგორ მოხვდა ბსუ-ს ჩატში ბათუმის საკრებულოს დეპუტატი – კითხვით თვითმმართველობის თავმჯდომარეს მივმართეთ. ლიკა დიასამიძემ ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაში სტუდენტების ჩართვა კატეგორიულად უარყო. ინტერვიუს ჩაწერისას ჩვენ მას მტკიცებულებების ჩვენება შევთავაზეთ, რაზეც არ დაგვთანხმდა და პროვოკაციაში დაგვადანაშაულა. რიჩარდ სირაბიძესთან ერთად, ოპოზიციის გაშავებას სტუდენტებს ლიკა დიასამიძეც სთხოვს.

ჩართული კამერის წინ რიჩარდ სირაბიძემ ტროლების ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყო და კითხვებზე არ გვიპასუხა. პირად საუბარში კი განმარტა, რომ დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული სტუდენტები „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან და ისინი იზიარებენ მმართველი გუნდის იდეოლოგიას.

დიასამიძისა და სირაბიძის მითითებებს სტუდენტები წინააღმდეგობის გარეშე ასრულებენ. მოპოვებული მტკიცებულებების მიუხედავად ბსუ-ს სტუდენტები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაში არ არიან ჩართულები. მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომაა ბათუმის საკრებულოს დეპუტატი სტუდენტურ ჩატში.

აი ასე მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა ყველას წინააღმდეგ, ვისაც კი განსხვავებული აზრი აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლიკა დიასამიძე ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარედ ცოტა ხნის წინ აირჩიეს. კენჭისყრისას, იგი ერთადერთი, უალტერნატივო კანდიდატი იყო. სტუდენტური ჩატის მიმოწერის მიხედვით ირკვევა, რომ მისი არჩევის პროცესში ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, რიჩარდ სირაბიძე აქტიურად მონაწილეობდა. დიასამიძე და სირაბიძე „ქართული ოცნების“ წევრები არიან. სოციალურ ქსელში მათი აქტივობა ძირითადად ოპოზიციის დისკრედიტაციით შემოიფარგლება”, – ნათქვამია TV25 ის მიერ  გავრცელებლ ინფორმციაში.