ა(ა)იპ “ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი” უქმდება

372

24 ივნისს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციას მხარი დაუჭირეს. მიზეზი რეორგანიზაციაა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ლიკვიდაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით დაინიშნოს ლიკვიდატორი.  რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების უფლება მიენიჭოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს“, – წერია საკრებულოს განმარტებით ბარათში.

რეორგანიზაციის შედეგად, მერიაში ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების  სამსახური. ამ სამსახურში ერთ–ერთ მიმართულებად კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება იქნება.

ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით ახალი განყოფილების თანამშრომლების შესარჩევად საშტატო ნუსხა უკვე დაკომპლექტებულია, თანმაშრომლებს კი კონკურსის წესით შეარჩევენ.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წლების განმავლობაში ფატი ხაბულიანი ხელმძღვანელობდა.  ვის გადაიყვანენ ახალ სამსახურში ააიპ–ის ლიკვიდაციის შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.