ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე სკვერში, რომლის მოწყობას 2015 წელს 38 000 ლარი მოხმარდა, საბავშვო ატრაქციონები დააზიანეს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
“სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ეს არის მოსახლეობის დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალი. სკვერის გახსნიდან ერთ კვირაში საქანელებს რკინის ჯაჭვები მოხსნეს და საქონლის დასაბმელად გამოიყენეს. ასეთ ხალხს რა უნდა მოვუხერხოთ, არ ვიცი”, – განაცხადა ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ალექსი ჯოჯიშვილმა.
მისი თქმით, მერიას მუნიციპალური ქონების დაზიანებისთვის მოქალაქეთა დაჯარიმების მეთოდი არ აქვს, რის გამოც ადამიანები ამგვარი ქმედებებისთვის დაუსჯელები რჩებიან.
“ერთი კვირის წინ, კიდევ ორი ბიჭი მე თვითონ ჩამოვყარე ტრენაჟორებიდან, მის დაზიანებას ცდილობდნენ. საჯარიმო სანქციები მერიას ასეთი ფაქტების მიმართ არ აქვს დაწესებული. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია სკვერის ახლიდან რეაბილიტაცია”, – გვითხრა ჯოჯიშვილმა.