მარნეულის მერიის კომპანიებში 45 სოციალურად დაუცველი დასაქმდა

285

მარნეულში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში 45 ადამიანი ჩაერთო. მერიის ბალანსზე მყოფ შპს “სოფწყალში“ 9, ხოლო, ა(ა)იპ „სუფთა მარნეულში“ 36 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკა “რადიო მარნეულს“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნინო დეკანოიძემ უთხრა და აღნიშნა, რომ მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. მისი თქმით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის კიდვ 45 ვაკანტური ადგილია.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაკანტური პოზიციები დავამატოთ ბაგა ბაღების გაერთიანებიდანაც. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და სექტემბრიდან ამოქმედდება. ყოველდღიურად იცვლება დასაქმებულების მონაცემები. შეიძლება დღესაც გაუფორმეს ვინმეს ხელშეკრულება და 45-ის ნაცვლად, 43 იყოს. სამი დღის წინ ავტვირთეთ ყველა პოზიცია და არსებული მონაცემები 45 იყო“- თქვა ნინო დეკანოიძემ.

ბენეფიციარებს დასაქმება მარნეულის ორ სამსახურში, შპს „სოფწყალსა“ და ა(ა)იპ „სუფთა მარნეულში“ შეუძლიათ. როგორც „სუფთა მარნეულისს“ ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე ამბობს, მსურველებს ძირითადად დეკორატორებად, მებაღეებად და მეეზოვეებად ასაქმებენ.

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მონაცემების გადამოწმების შემდეგ კი მათ ადგილობრივ თვითმმართველობაში მისვლა უწევთ.

პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

საქართველოს ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნამუშევარი საათების მიხედვით საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.

თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.