წალენჯიხის მერიამ “ალტ-ინფოს” მიერ დაფუძნებულ “კონსერვატიულ მოძრაობას” ბანერის განთავსების ნება არ დართო. მერის, გია ხარჩილავას თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ორგანიზაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მათ ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლით ისარგებლეს, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
“სამხედრო ეროვნული სტრატეგიის მიხედვით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად იმ პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდა, რომელიც რუსული იმპერიული პროპაგანდის ნაწილია და დესტაბილიზაციის წყარო. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მათი პროპაგანდის ნაწილის, ანუ ბანერების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვა. მაშინ, როცა უკრაინამ, მოლდოვამ საკანონმდებლო დონეზე დაიწყო აკრძალვები რუსეთის, როგორც დამპყრობელი სახელმწიფოს პარტიებისა და ტელევიზიების და მათი ანტიკონსტიტუციურად ცნობა, ვფიქრობთ, რომ საქართველოშიც დადგა ამის დრო. ყველაფერს უნდა ეწოდოს თავისი სახელი და ეს არის საკონსტიტუციო სამართლის თემა, რაზეც ვმუშაობთ წალენჯიხის მერიაში”, – განაცხადა წალენჯიხის მერმა.
პრორუსული პოლიტიკურ პარტია”კონსერვატიული მოძრაობა”, გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. მოქალაქეთა პროტესტის ფონზე პარტიამ რამდენიმე ათეული რეგიონული ოფისია გახსნა, მათ შორის ზუგდიდშიც. საკუთარი ტელევიზიის “ალტ ინფოს” მეშვეობით პარტიის დამფუძნებლები და წევრები ქსენოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. ამასთან ისინი 2021 წლის 5 ივლისს დედაქალაქში გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.