ჯანდაცვის მინისტრი: აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება

418

დაბა აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საკურორტო ზონებში პირველადი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, აბასთუმანში, ამბულატორიის გარდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიც განთავსდება.

დაბა აბასთუმანში ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა, სადაც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრიც“ დაათვალიერა. ცენტრში ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამით, 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი უფასოდ უტარდებათ. პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამედიცინო და სამეცნიერო პოტენციალის ბაზაზე, წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს.