ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა (ზიგზაგის ქუჩა N69, გურამიშვილის გამზირი N33ბ) და ერთი ახალი ფეხბურთის მოედანი მოეწყო (საყვირის ქუჩა N2). სამივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 213 000 ლარი დახარჯა.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ მისამართებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.
“ვაგრძელებთ სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ახალგაზრდებისთვის მოწესრიგებული სპორტული მოედნები აუცილებელია, ამით ხელს შევუწყობთ მათ სპორტულ განვითარებას. ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი ახალი სპორტული სივრცე შეემატა. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ბავშვებს უხარიათ. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, – განაცხადა ნაძალადევს რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.