სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველეზე, მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ლაშხეთის, ჩოლურისა და ცანა-ზესხოს თემს სრულყოფილად აღჭურვილი სასწრაფოს ჯგუფი მოემსახურება.
როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სასწრაფოს ჯგუფი სოფელ ჟახუნდერში იმორიგევებს და მოსახლეობისათვის მისამართზე უმოკლეს ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.
მათივე ცნობით, სასწრაფოს მორიგე ჯგუფი სოფელ ჟახუნდრის ამბულატორიის შენობაში განთავსდა.
,,ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, ლენტეხის მერიის ინიციატივით და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანადგომით გადაწყდა, რომ სოფლის მოსახლეობას სრულად აღჭურვილი სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფი მოემსახურება და ამასთანავე, ოჯახის ექიმები მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ ამბულატორიულ დახმარებას”, – განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, მარადი ლიპარტელიანმა.