წალენჯიხის მერიის საშტატო ნუსხა 8 თანამშრომლით შემცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
საკითხის განხილვას სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ინიციატივა არ მოიწონა და შესაბამისად, მხარი არ დაუჭირეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა.
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული ამბობს, რომ არსებული სტრუქტურით უკეთესად მოემსახურებიან ხალხს.
“მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის ვერსია, რომელზეც შეჯერდა მერია და საკრებულო. ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული სტრუქტურით უკეთესად მოვემსახურებით ხალხს. დაახლოებით 140 საშტატო ერთეულიდან, რაც არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში, საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ 8 ერთეული იქნება ოპტიმიზებული. შესაბამისად ჩვენ ვისურვეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად უმტკივნეულო პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე.
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების დროს შტატები არ უქმდება. პირიქით ხდება, ემატება შტატები და უშვებენ არსებულ თანამშრომლებს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საშტატო ერთეულები მთლიანად უქმდება და რომელ პოლიტიკურ დანიშვნაზეა საუბარი. ჩვენ გვინდა, რომ ეს გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდეს ხალხს”, – განაცხადა წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არ იყო რეორგანიზაცია, არამედ პარტიული აქტივის გათავისუფლება.
“დღეს წარმოდგენილი იყო საკრებულოში მერიის რეორგანიზაციის გეგმა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რეორგანიზაცია თავისი არსით სხვა რამეს ითვალისწინებს. ეს არ იყო ნამდვილად რეორგანიზაცია რეორგანიზაციისთვის, ეს იყო პარტიული აქტივის გათავისუფლებისკენ მიმართული ღონისძიება.
პროცედურულად ეს საკითხი დარღვევებით წარიმართა, 3-ჯერ შეიცვალა საკითხი. რეგლამენტის დაუცველად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რაზედაც მივიღებთ სამართლებრივ შეფასებას და დავა სავარაუდოდ, გაგრძელდება სასამართლოში”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ბესიკ ფარცვანიამ.