საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის საავტომობილო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს – სარეაბილიტაციო მონაკვეთი კი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და გაივლის სოფლებს: რუფოთი, ალისუბანი, საზანო და თუზი.
მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად, განახლდება ასფალტ-ბეტნის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ჩატარდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 16 443 900 ლარია.