2022 წლის დაწყებიდან დღემდე მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა

394

2022 წლის დაწყებიდან დღემდე, მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 უნებართვო მშენებლობის და  36  სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

როგორც მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, თურალ ისმაილოვი ამბობს, 36 დარღვევიდან ამ ეტაპზე, ხარვეზი მხოლოდ სამმა გამოასწორა. დარღვევებიდან მუნიციპალიტეტში შესულმა თანხამ დღეის მდგომარეობით 22 000 ლარი შეადგინა. საუბარია იმ პირებზე, ვინც საჯარიმო მოსაკრებელი 2022 წლის მაისის ბოლომდე გადაიხადეს. ისმაილოვის თქმით, სანებართვო პირობების დარღვევისათვის მინიმალური თანხა სოფელში 200 ლარია, ხოლო, ქალაქში გაცილებით მეტი.

“დარღვევების გამოსავლენად, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად დადიან შემოვლაზე სხვადასხვა სოფლებში, სხვადასხვა უბნებში და ასე შემდეგ. უნებართვო მშენებლობის გამოვლენა ამ პატრულირებით არის შემთხვევითობა. შეიძლება მეზობელმა შეგვატყობინოს, ასევე, გვეხმარებიან მერის წარმომადგენლები. თვითონ მოქალაქეებიც მოდიან ხოლმე და ან წერილობით გვატყობინებენ ან ზეპირსიტყვიერად. სოფელში სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა არის 200 ლარი, უნებართვო მშენებლობისათვის 1 000 ლარი, მშენებლობის შეუჩერებლობისთვისაც 1 000 ლარი. პირველი დაჯარიმებიდან სამი თვის შემდეგ, ჩვენ ვახდენთ შემოწმებას. თუ დარღვევა არ არის გამოსწორებული, ჯარიმა სამმაგდება და 3 000 ლარია ან რიგ შემთხვევაში 600 ლარი. რაც შეეხება ქალაქს, უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა არის 4 000 ლარი, სანებართვო პირობების დარღვევა 200 ლარი, მშენებლობის შეუჩერებლობა კი 5 000 ლარია.ზოგადად, მშენებლობების ჯარიმები განსხვავდება შენობის ტიპისგან”, – ამბობს თურალ ისმაილოვი

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2021 წლის განმავლობაში სამშენებლო სამართალდარღვევის 202 ფაქტი გამოავლინა და ჯამში 272 770 ლარის ჯარიმა დაიწერა.