ახალციხის ციხეს მერია აღარ დააფინანსებს

877

მომავალი წლიდან, ახალციხის ციხე მერიიდან სუბსიდიას აღარ მიიღებს. ა(ა)იპ-ი თავს საკუთარი შემოსავლებით ირჩენს. დაფინანსების გაუქმების საკითხი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გახდა ცნობილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

2020 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ახალციხის ციხისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. როგორც ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე განმარტავს, ციხეს შემოსავლების თვალსაზრისით კარგი პოზიცია აქვს და შეუძლია საკუთარი ხარჯები თავადვე დაფაროს: „წელს ივლისის ორი კვირა ვიზიტორთა თვალსაზრისით ჩავარდა და ცოტა შევშინდით, 21-დან 30-მდე 10%-იანი ვარდნა იყო, მერე უკვე ისევ შემოტრიალდა. აგვისტოში კარგად წამოვიწიეთ. სექტემბერში კი გამყარდა ციხის შემოსავლები. შარშანაც შესაძლებლი იყო სუბსიდიის მოხსნა, მაგრამ მთლად დაზღვეულები არ ვიყავით“, – განმარტა ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას გურამ მელიქიძემ.

მისივე თქმით, პირველი სექტემბრის მონაცემებით, ციხეს გასულ წელთან შედარებით 20 000 კაცით მეტი ვიზიტორი ჰყავდა: „შემოსავლების ზრდა კიდევ განპირობებულია სტრუქტურის შეცვლით. ჩვენ დიფერენცირებული გვაქვს გადასახადები და აქედან გამომდინარე თუ წინა წლებში ძირითადად ჭარბობდა ვიზიტორებში საქართველოს მოსახლეობა, ახლა სტრუქტურა შეიცვალა. ახლა უკვე 65% უცხოელი ვიზიტორი გვყავდა“.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის გურამ ჯინჭველაძის თქმით, ქართველი ვიზიტორების ნაკლებობა კონკრეტული საკითხებით არის გამოწვეული. იგი მიიჩნევს, რომ კომპლექსში განვითარება არ ხდება: „სიახლეს არ ვთავაზობთ და ერთხელ თუ არის ჩამოსული ვიზიტორი, მეორედ აღარ ჩამოდის. ძალიან კარგია, რომ ციხეს სუბსიდირება მოეხსნა, მაგრამ აქვე მეორე შეკითხვა მაქვს, რომელიმე ააიპ-ის ბიუჯეტი ჩაშლილად გვაქვს? იქნებ მოგებაზე გავდივართ? და მოგება თუ გვაქვს სად იკარგება ეს მოგება. ხელფასში თუ იკარგება, ძალიან ცუდია“.

მერის მოადგილის თქმით, მოგების თანხა ხელფასში არ გაიცემა და იგი თვთმმართველობის თანხმობის შესაბამისად, სერვისების განვითარებას უნდა მოხმარდეს: „ხელფასები მოგებიდან არ გაიცემა. ააიპ-ი თუ არ შეგვითანხმდა, ისე მოგების თანხას ვერ განკარგავს. ციხეს უნდა ჰქოდნეს თავისი სცენა, დახურვა, სერვისი, აპარატურა. ჩვენ არ უნდა ვზიდოთ შეხვედრიდან აპარატურა და ეს მოგებიდან უნდა იყიდოს“, – განმარტა მელიქიძემ.

2012 წლიდან ახალციხის ციხე ყოველწლიურად სუბსიდიას ადგილობრივი თვითმმართველობიდან იღებდა. მიმდინარე წელს იგი 100 000 ლარით დაფინანსდა.