ტოტალიზატორში მოგება და გასტუმრებული საბანკო ვალები – ამბროლაურის მერის ქონებრივი დეკლარაცია

477

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ამბროლაურის მერი ზვიად (დავით) მხეიძე “ქართული ოცნებიდან” ამბროლაურის მერის თანამდებობას მეორე ვადით იკავებს. პირველად ის 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მეორედ – 2021 წლის ოქტომბერში. მანამდე კი, 2014 წლიდან, ამბროლაურის მერის მოადგილე იყო და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, აქვს შევსებული.

ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2021 წლის სექტემბერში შეუვსია. ოჯახის წევრებად კი დედა, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს მითითებული.

ამბროლაურის მერის ოჯახი სამ უძრავ ქონებას ფლობს. ზვიად მხეიძეს 2020 წელს მემკვიდრეობით მიუღია 617 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბრატისლავა-რაჭის I შესახვევის N7-ში მდებარეობს. იმავე წელს ასევე მიუღია 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა-ნაგებობა დგას. ამ მიწის ნაკვეთს უწერია, რომ ბრატისლავა-რაჭის I შესახვევის მიმდებარედ მდებარეობს; გარდა ამისა, შვილის სახელზეა გაფორმებული 2020 წელს 18 000 აშშ დოლარად ნაყიდი 45,7 კვ.მ ბინა თბილისში, დიდ დიღომში, რაზმაძის ქუჩაზე.

ზვიად მხეიძეს ჰყავს ავტომანქანა, რომელიც 2020 წელს 5 200 აშშ დოლარად უყიდია. გაურკვეველია, რა მარკის ავტომანქანა ჰყავს მერს, რადგან ქონების დეტალების გრაფაში ავტომანქანის მარკის ნაცვლად მას ავტომანქანის ნომერი უწერია – MW010WW.

ამ დეკლარაციაში მხეიძეს, რატომღაც, 2019 წელს ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანა “პორშე” არ აღუნიშნავს. ეს ავტომანქანა 60 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა და ის მერმა 2021 წლის ოქტომბერში გაყიდა, დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში.

დეკლარაციის თანახმად, ზვიად მხეიძე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს: ზვიად მხეიძეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მერის თანამდებობიდან 2020 წელს 27 014,4 ლარის შემოსავალი მიუღია; შვილს, მარიამ მხეიძეს, შპს “აი ნოუს” ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციიდან 2020 წელს 3 583,5 ლარის შემოსავალი მიუღია; მეორე შვილს, ლილე მხეიძეს, შპს “საქართველოს ქონების მართვის ჯგუფის” გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან – 22 233,53 ლარის შემოსავალი; სს “m2 უძრავი ქონება” გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან – 1 306,93 ლარის შემოსავალი; ხოლო სს “საქართველოს უძრავი ქონების” გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან – 784 ლარის შემოსავალი.

ზვიად მხეიძეს “ლიბერთი ბანკიდან” ორი სესხი აქვს გამოტანილი. 2019 წელს გამოუტანია 33 200 ლარის სესხი, რომლის დაფარვის ვადა 2023 წელია, თუმცა, გასულ წელს 30 604,67 ლარი გადაუხდია. ასევე 2020 წელს 10 200 ლარის სესხი გამოუტანია 2024 წლამდე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ვალი მთლიანად დაუფარავს.

შვილს, ლილე მხეიძეს, 2020 წელს საჯარო რეესტრში ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება გაუფორმებია და 22 828 აშშ დოლარის შემოსავალი მიუღია. სხვა დეტალები აღნიშნული არ არის.

დეკლარაციის შევსების დღეს ზვიად მხეიძეს “ლიბერთი ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 75 თეთრი აქვს, ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 5,85 ლარი; მეუღლეს, მეგი ყიფიანს, “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 1 500 ლარი აქვს; შვილს, მარიამ მხეიძეს, “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 531,91 ლარი; მეორე შვილს, ლილე მხეიძეს, “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 752,48 ლარი; მას იმავე ბანკში ასევე გახსნილი აქვს ორი ანაბარი – 14 514 და 15 708,91 ლარის.

ზვიად მხეიძეს პირველი დეკლარაცია 2014 წელს აქვს შევსებული, როცა ის ამბროლაურის მერის მოადგილედ დაინიშნა.

2014 წელს მხეიძის ოჯახი ამბროლაურში მემკვიდრეობით მიღებულ ორ უძრავ ქონებას ფლობდა და ორივე ეს ქონება დედის სახელზე იყო გაფორმებული, თუმცა, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ფართობების შესახებ მონაცემები განსხვავებულია. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის ფართობი, პირველი დეკლარაციით, 250 კვ.მ-ია, ბოლო დეკლარაციაში კი – 617 კვ.მ-ი. ასევე, მიწის ნაკვეთის ფართობად წინა წლების დეკლარაციებში უწერია 600 კვ.მ, ბოლო დეკლარაციაში კი ფართობი შემცირებულია და 358 კვ.მ-ია.

2014-2016 წლების დეკლარაციებში უძრავი ქონების შესახებ მონაცემები ერთნაირია, მონაცემები 2017 წლის დეკლარაციიდან მცირედით იცვლება. 2017 წლიდან ორივე უძრავი ქონება უკვე ზვიად მხეიძის სახელზეა გაფორმებული. გარდა ამისა, მხეიძეს 2017 წელს 10 000 ლარად ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე 21,09 კვ.მ კომერციული ფართი უყიდია. ამბროლაურის მერი ამ კომერციულ ფართს მომდევნო დეკლარაციით აღარ ფლობს. 2018 წლის დეკლარაციით, მერს უძრავი ნივთის გაყიდვით 10 300 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული და დიდი ალბათობით, მან კომერციული ფართი გაყიდა.

წლების განმავლობაში ამბროლაურის მერს მხოლოდ ერთი უძრავი ქონება შეუძენია. ბოლო დეკლარაციით, ამბროლაურის მერის მემკვიდრეობით მიღებულ ორ ქონებას თბილისის ერთი ბინა ემატება.

დეკლარაციების თანახმად, ამბროლაურის მერს შემოსავლები საჯარო სამსახურიდან და ტოტალიზატორის მოგებიდან აქვს.

ზვიად მხეიძეს საჯარო სამსახურში თანამდებობაზე ყოფნის 8-წლიანი სტაჟი გააჩნია. როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, 2010–2014 წლებში ის ამბროლაურის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო;  2014–2017 წლებში ამბროლაურის მერის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ნოემბრიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

მხეიძეს ამბროლაურის გამგეობის სამსახურის უფროსის პოზიციიდან 2013 წელს 13 500 ლარის შემოსავალი მიუღია.

მერის მოადგილის თანამდებობიდან 2014-2017 წლებში ჯამში 90 322,7 ლარის შემოსავალი მიუღია: 2014 წელს – 18 071.70 ლარი; 2015 წელს – 30 250.00 ლარი; 2016 წელს – 31 920 ლარი; 2017 წელს – 26 345 ლარი.

2017-2020 წლებში, ამბროლაურის მერის თანამდებობიდან ჯამში 86 109,88 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2017 წლის ორ თვეში – 5 366 ლარი; 2018 წელს – 26 727,48 ლარი; 2019 წელს – 27 002 ლარი; 2020 წელს – 27 014,4 ლარი.

მხეიძეს შემოსავალი ასევე მიღებული აქვს ტოტალიზატორიდანაც. მას 2020 წლის დეკლარაციაში, შემოსავლების მიღების გრაფაში უწერია, რომ 60 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ლატარიაში მოგებით. სხვა დეტალები აღნიშნული არ არის, თუმცა, საუბარია ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის, “პორშეს” შესახებ.