ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
“თუ გინდათ, დაგიჩოქებთ, ნუ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას” – ამ სიტყვებით პარასკევს ოზურგეთის საკრებულოს წევრებს ამავე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, ნარი მუჯირმა მიმართა. ნარი მერიის 35 მოხელეს შორის ერთ-ერთია, რომელსაც სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით უშვებენ. ის მერიიდან, სადაც 2013 წლიდან მუშაობდა, გაუშვეს 2014 წელს, შემდეგ – 2017 წელს, ახლაც უშვებენ. ნარი, ფაქტობრივად, ყველა არჩევნებს შეწირული საჯარო მოხელეა, რომელიც კანონმა ვერცერთხელ დაიცვა.
31 მარტს ოზურგეთის მერიის თანამშრომლებს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიუვიდათ, რომ რეორგანიზაცია იწყებოდა, რის გამოც თანამშრომელთა ნაწილი, შესაძლოა, უსამსახუროდ დარჩენილიყო. თუმცა, ამ წერილიდან რამდენიმე დღეში მერიაში უკვე ყველამ იცოდა, კონკრეტულად ვის მოუწევდა სამსახურის დატოვება.
“35 ადამიანი ვართ, ვისაც შეგვიმცირეს ყველაფერი. ზოგის განყოფილება გააუქმეს, ზოგის – შტატი. მაგალითად, ჩემი და ჩემი 4 თანამშრომლის შტატი ინფრასტრუქტურის სამსახურში სულ გააუქმეს. გაგვიშვეს სამსახურის უფროსი და ხუთი თანამშრომელი. სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გაუშვეს, ოღონდ ჩვენ არაფერი მოგვსვლია, რომ რამე დავარღვიეთ, ან დისციპლინური გადაცდომა გვქონდა”, – ამბობს ნარი მუჯირი.
მიუხედავად იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი პირდაპირ ამბობს, რომ “საჯარო სამსახურში კარიერული განვითარება ემყარება შეფასების სამართლიან სისტემას და სხვა მექანიზმებზე დაფუძნებულ პროფესიულ განვითარებას”, მუჯირი ვერ არკვევს, მისი შეფასებისას შეფასების რა სისტემა გამოიყენა მერიამ, ან გამოიყენა თუ არა საერთოდ. მისი თქმით, მერიის ახალ ხემძღვანელობას გაცნობითი შეხვედრაც კი არ ჰქონია მის სამსახურთან. “კომისიამ ისე შეგვაფასა, რომ მისი წევრების ნაწილი არც კი გვიცნობს. მაგალითად, მერის მოადგილე ნათია გოლიაძეს არ ვიცნობ და არც მან იცის, ვინ ვარ, რა გამოცდილებით და როგორ ვმუშაობდი. პირველად პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე მნახა”, – აცხადებს ის.
როგორც მუჯირი ამბობს,მას საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად კონკურსი რამდენიმე წლის წინ აქვს გავლილი. იხსენებს, რომ პირველი გათავისუფლების შემდეგ ის ირაკლი კობახიძეს შეხვდა და მოუყვა, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა ყოფილ გამგებელთან მისი აფილირების გამო მოხდა. მაშინ მუჯირი, მერიის ნაცვლად, მუზეუმში დაასაქმეს. “შემდეგ საკრებულოში გათავისუფლდა ადგილი, ბატონ დარჩიასთან [საკრებულოს თავმჯდომარე] მივედი და კატეგორიულად მოვთხოვე ჩემი გადმოყვანა, მაგრამ მერე, 2017 წელს, დამიბარა თავის კაბინეტში და პირდაპირ მიმანიშნა, რის გამო მიშვებდა. როგორც კი დარეგისტრირდა ბატონი შარაშენიძე მერობის კანდიდატად, იმ დღიდანვე შემექმნა პრობლემები. პირდაპირ მითხრა დარჩიამ, ეჭვი მაქვს, შარაშენიძეს დაუჭერ მხარსო. რომ მოვთხოვე, ფაქტი დაედო, მიპასუხა, ფაქტი რად მინდა, თავში რომ ეგ აზრი გაქვს, ისედაც ვიციო. აი, ამის საფუძველზე გამიშვა”, – ამბობს მუჯირი.
რეორგანიზაცია პოლიტიკური კონტექსტით – 2014-2022
ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაციის საკითხი დღის წესრიგში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დადგა. ანუ მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მერიაზე კონტროლი დაიბრუნა. მანამდე მუნიციპალიტეტს მართავდა კონსტანტინე შარაშენიძე, რომელიც წარსულში თავადაც ამ პარტიის წევრი იყო. 2013 წელს, “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სწორედ ის გახდა მუნიციპალიტეტის გამგებელი, თუმცა, 1 წელში, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად ორ მუნიციპალიტეტად გაყოფილ, თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის სათემო მუნიციპალიტეტში გამართული არჩევნებისას, პარტიამ ის არც მერობის და არც გამგებლობის კანდიდატად აღარ წარადგინა. მაშინ ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი კი – მერაბ ჭანუყვაძე გახდნენ. პირველი რეორგანიზაციაც სწორედ ამ დროს მოხდა – მაშინ თვითმმართველობის ორგანოები “ნაცებისგან” და “ოცნებასთან” უკვე კონფლიქტში მყოფი შარაშენიძის კადრებისგან იყო გასაწმენდი.
შემდეგ დადგა 2017 და თვითმმართველობის მორიგ არჩევნებზე ამჯერად დამოუკიდებელმა კანდიდატმა შარაშენიძემ უკვე გაერთიანებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები მოიგო. ახლა მისი ჯერი დადგა, რეორგანიზაციის სახელით, მერიაში საკადრო წმენდა მოეწყო, ამჯერად სიორიძე-ჭანუყვაძის კადრებისგან.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როგორც უკვე გითხარით, “ოცნებამ” ოცნება აისრულა და მუნიციპალიტეტზე კონტროლი სრულად აღადგინა – ახლა მერიაც და საკრებულოს უმრავლესობაც მმართველი პარტიის ხელშია და რაღა თქმა უნდა, ეს, ლამის საკრალურ რიტუალად ქცეული რეორგანიზაციაც, ისევ დადგა დღის წესრიგში. მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძეა – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ნულოვანი ცოდნითა და გამოცდილებით.
რეფორმად წოდებული ცვლილებები – რეალურად, რა და როგორ შეიცვალა მერიის სტრუქტურაში
ოზურგეთის მერიის ახალი დებულებით, უწყებაში 8 სამსახური და 21 განყოფილება იფუნქციონირებს. მანამდე, წინა მერის დროს, მერიაში 9 სამსახური და 30 განყოფილება არსებობდა. ადმინისტრაციულ სამსახურს სახელი გადაერქვა და ეწოდა მერიის ადმინისტრაცია, რომელშიც ხუთი განყოფილება იმუშავებს, მათ შორის, მანამდე ცალკე არსებული იურიდიული სამსახური ახლა მერიის ადმინისტრაციის განყოფილებად იქცა. განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების აქამდე არსებული სამსახური ორად გაიყო: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურად და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურად, რომელშიც ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილებაც გაერთიანდა (მანამდე ის ადმინისტრაციულ სამსახურში არსებობდა). ინფრასტრუქტურის სამსახურს ახლა ტრანსპორტიც დაემატა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურად ჩამოყალიბდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან მატერიალურ-ტექნიკურმა განყოფილებამ ადმინისტრაციულ სამსახურში გადაინაცვლა. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურმა კი, იმის გამო, რომ მისამართი შეიცვალა, ბარემ რეორგანიზაციაც განიცადა. შიდა აუდიტის სამსახურიდან ინსპექტირების განყოფილებამ მერiის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, ხოლო ამ სამსახურს “რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განყოფილება” დაემატა. ეკონომიკური განვითარების სამსახურში კი 2 განყოფილება იქნება – ქონების მართვისა და საინვესტიციო მართვის განყოფილებები, – აი ეს არის სულ ის “რეფორმა”, რომელმაც, თურმე, ოზურგეთის მერიის გამართული და ეფექტური მუშაობა უნდა უზრუნველყოს და რის გამოც 35 თანამშრომელი უსამსახუროდ დარჩა.
კიდევ ერთი გათავისუფლებული მოხელე, კუკური ბარამიძე, რომელიც თავად იურისტია და მერიის იურიდიულ სამსახურში მუშაობდა, მთავარ დარღვევად იმას მიიჩნევს, რომ არავინ იცის, კონკრეტულად რას დაეფუძნა ეს რეორგანიზაცია, ვინაიდან არ ჩატარებულა სტრუქტურის ეფექტიანობის კვლევა-ანალიზი.
კუკურიც ერთხელ უკვე იყო სამსახურიდან გათავისუფლებული – წინა მერმა ის დაითხოვა, თუმცა, ბარამიძემ სასამართლო დავა მოიგო და მერს მისი სამსახურში დაბრუნება მოუწია. ის დარწმუნებულია, რომ დავას ამჯერადაც მოიგებს და მერს მისი აღდგენა მოუწევს.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლითაც გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა და ეს დაუდეს რეორგანიზაციას საფუძვლად. თუმცა, ამასთან, პირველივე, რაც გააკეთა მერმა, ის იყო, რომ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაეწყო თანამშრომელთა საქმიანობის მოკლევა, რათა კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისი გაშვებაც უნდოდა, მიეცა გაფრთხილება, ან საყვედური, იმისათვის, რომ შემდგომში ეს მათ გასაშვებად გამოეყენებინა. თავად ამ სამსახურის უფროსს წინა მერის დროს 1-ქულიანი შეფასება და საყვედური აქვს მიღებული, მაგრამ ის ყველა ახალი მერის ხელში იარაღია, ყველა მერს თავად სთავაზობს მისთვის მიუღებელი მოხელეების საქმიანობის შემოწმებას და სასურველი დასკვნის დაწერას. მაგალითად, ახალმა მერმა ჩემზეც დაიწყო დისციპლინური დევნა, რაც უკვე გავასაჩივრე.”
როგორც უკვე ვთქვით, მაგალითად, რეორგანიზაციის მოტივით, მერმა იურიდიული სამსახური საერთოდ გააუქმა და ის, განყოფილების სახით, კადრების სამსახურს დაუქვემდებარა, თუმცა, არავის განუმარტავს, რატომ იმუშავებს ადმინისტრაციის ქვეშ მოქცეული ეს განყოფილება უფრო ეფექტურად, ვიდრე მანამდე, ცალკე სამსახურად არსებობისას მუშაობდა. არც ის განუმარტავს ვინმეს, რატომ უნდა იყოს ეს განყოფილება მაინცა და მაინც 3 ადამიანით დაკომპლექტებული და არა, მაგალითად, ხუთით, ან ორით, ან თხუთმეტით. ცხადია, არც ის დაუსაბუთებია ვინმეს, ამ სამსახურში დასაქმებული 7 თანამშრომლიდან რატომ უნდა წასულიყვნენ ისინი, ვინც გასათავისუფლებელთა სიაში მოხვდნენ და არა ის სამი, ვინც დარჩა. კუკური ბარამიძე ამბობს, რომ იგივე მდგომარეობაა სხვა სამსახურებთან და განყოფილებებთან დაკავშირებითაც.
საერთო ჯამში, არაფერი დასაბუთებული არ არის. უფრო მეტიც, ოდნავ საქმეში გარკვეული ადამიანი წინა და ახლანდელ სტრუქტურას თუ შეადარებს, დარწმუნდება, რომ გაუმჯობესებაზე, ორგანიზაციულ მორგებაზე ლაპარაკი ზედმეტია და მიხვდება, ვის გასაშვებად და ვის დასატოვებლადაა ეს საშტატო განრიგი და მთელი დოკუმენტაცია მორგებული, – ამბობს კუკური ბარამიძე.
საინტერესოა, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ არც საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სამ საათზე მეტხანს დაპირისპირებისა და ურთიერთშეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. “გასათავისუფლებელი ხალხის საკითხი მერიის შიდა საკითხია და აქ არ ვისაუბრებთ”, “ჩვენ ვართ მენეჯერები, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და, თუ ეს რეფორმა არ იმუშავებს, ჩვენს საკითხს ამომრჩეველი გადაწყვეტს” – ასე პასუხობდა მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე საკრებულოს სხდომაზე მისულ თავის თანამშრომლებს, რომლებიც დასაბუთებას სთხოვდნენ, თუ რატომ იყვნენ ისინი არაკვალიფიციური მოხელეები.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ვერც ოზურგეთის და ვერც სხვა რომელიმე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვერ დაასაბუთებს, რეალურად რამდენი მოხელე სჭირდება იმისათვის, რომ მოქალაქეს გამართული და სრულფასოვანი მუნიციპალური სერვისები მიაწოდოს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ დრომდე საქართველოში არ დადგენილა სერვისების სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, თუ ერთმა თანამშრომელმა რამდენ მოქალაქეს უნდა გაუწიოს მომსახურება.
2019 წლის ბოლოს დამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ, მუნიციპალურ მომსახურებათა დივერსიფიკაციის გათვალისწინებით, განსაზღვრავდა მუნიციპალური სერვისების მინიმალურ სახელმწიფო სტანდარტებს და შეიმუშავებდა ჩარჩო პოლიტიკასა და პროცედურებს, რაც მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონეზე სისტემატური მონიტორინგის შესაძლებლობას შექმნიდა. მიუხედავად ამ ჩანაწერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის სიამაყით გაცხადებული ინფორმაციისა, რომ სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმა 90%-ით შეასრულეს, ამ მიმართულებით ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ამ მოცემულობაში კი, რეორგანიზაციასთან, შტატების გაზრდასა თუ შემცირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კონკრეტული თანამდებობის პირის, ან პოლიტიკური ძალის სუბიექტურ მიდგომებზეა დამოკიდებული.
თავზე გადახეული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გზამკვლევში პირდაპირ წერია, რომ რეორგანიზაციად მიიჩნევა შემთხვევები, “როდესაც სახეზეა საჯარო დაწესებულების შიდა სტრუქტურული
ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შესაძლოა მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება”. დააკმაყოფილა თუ არა რეორგანიზაციის დროს ოზურგეთის მერიამ ეს მოთხოვნა, ამის გარკვევა სასამართლოს მაშინ მოუწევს, როცა გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის განხილვას შეუდგება.
გარდა ამისა, რეორგანიზაცია ყოველთვის არ გულისხმობს თანამდებობაზე დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობა გაუქმდეს, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პირის იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე დასაქმების შესაძლებლობას. კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ამბობს, რომ შესაძლებელია, მოხელე, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებაში, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ვერ იქნა მოძიებული გასათავისუფლებელი მოხელის თანამდებობის ტოლფასი ან დაბალი თანამდებობა, იწყება მობილობის პროცესი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლოა მობილობის გზით გადაიყვანონ სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას, ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. ხოლო, თუ ესეც ვერ ხერხდება, მაშინ იწყება მობილობის მეორე ეტაპი, ე.წ. გარე მობილობა, რაც გულისხმობს ამ მოხელის ხელახალი დასაქმების შესაძლებლობას უკვე მთლიანად საჯარო სამსახურის სისტემაში.
თუმცა, კანონით მკაფიოდ არის გაწერილი, რომ საჯარო დაწესებულებამ თავდაპირველად უნდა ამოწუროს შიდა რესურსი, ანუ რეორგანიზაციის პროცესში პირი იმავე საჯარო დაწესებულებაში გადაიყვანოს და არ დაიწყოს მობილობის პროცესი.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ოზურგეთის მერია ვალდებული იყო, ამ 35 ადამიანისთვის შეეთავაზებინა მისი თანამდებობის ტოლფასი, ან უფრო დაბალი თანამდებობა ჯერ მერიის შიგნით, შემდეგ მერიას დაქვემდებარებულ უწყებებში და, თუ ესეც ვერ მოხერხდებოდა, საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართვით, მოეძია ინფორმაცია ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებული ვაკანსიების შესახებ და გასათავისუფლებელი თანამშრომლებიდან შეეთავაზებინა შესაბამისი კანდიდატურები.
როგორც კუკური ბარამიძე გვეუბნება, არც მას და არც მის კოლეგებს ამგვარი შეთავაზება მერიისგან არ მიუღიათ. მათ სამსახურიდან უშვებენ და როგორც ამას კანონი ადგენს, მხოლოდ სამთვიან კომპენსაციას აძლევენ.
მობილობა დაირღვა მათთვისაც, ვინც სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. მათ შესაბამისი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ შემდეგ ამ თანამდებობაზე სხვა დანიშნეს და შემდეგ უკვე მათ სხვა თანამდებობები შესთავაზეს. ეს ადამიანებიც ახლა გასაჩივრებას აპირებენ, – ამბობს ბარამიძე, რომელიც საკუთარ გათავისუფლებაში მერის პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.
კუკური ერთ-ერთია, ვინც ოზურგეთში “ალტ ინფოს” მიერ დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნას აქტიურად აპროტესტებს და თანამოაზრეებთან ერთად, ამ მოძრაობის ოფისთან საპროტესტო აქციებსაც მართავს. თავადვე ამბობს, რომ ის მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის და მისი გათავისუფლებაც მხოლოდ ამ მიზეზით მოხდა.
ჩემი გათავისუფლება აბსოლუტურად პოლიტიკურია. არც წინა მერის მხარდამჭერი ვიყავი. არც ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ვარ. ძირითადად, პოლიტიკური და პიროვნული მიუღებლობაა იმ ადამიანთა გათავისუფლების მიზეზი, ვინც გაგვიშვეს, – ამბობს ის და იმედოვნებს, რომ, როგორც წინა მერის დროს, ახლაც საკუთარ უფლებებს ისევ სასამართლოს გზით აღიდგენს.
ამ დრამატული და კანონის მოთხოვნებიდან აშკარად გასული პროცესების ფონზე, კიდევ უფრო მძიმე საყურებელი იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, რომელიც ხმაურის, დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ბრალდებები კი ტრადიციული იყო: “ნაცი” “ქოცს” სწუნობდა და “ქოცი” “ნაცს” ომის პარტიობას აბრალებდა. ამასობაში კი 35 ადამიანი უმუშევარი დარჩა და ვერავინ გაიგო, რას მოუტანს მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ეს რეორგანიზაციად მონათლული საკადრო წმენდა. სწორედ ეს უთხრა მერიის კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა მოხელემ, ნინო კვაჭანტირაძემ, საკრებულოს წევრებს: “რომ გიყურეთ, ძალიან შემრცხვა. მესამე ადამიანის თვალით დანახული ერთმანეთზე წაძახებული “9 წელი” და “12 წელი”, მაშინ, როცა 35 ადამიანის ბედი წყდება, ძალიან უხერხული საყურებელია”.