ქალაქ რუსთავის მერმა კლდიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო, მესხიშვილის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცისა და მე-20 მიკრორაიონში ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მოინახულა.როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, პროექტების განხორციელება გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
“რუსთავში რამდენიმე ახალი პროექტი დავიწყეთ. დღეს სამსახურებთან ერთად ადგილზე გავეცანით მიმდინარე პროცესს. აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ პროექტები განხორციელდეს ვადებში და იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი. ყველა პროექტი მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკით და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რომ ვადებში დასრულდეს პროექტები”, – განაცხადა ლაცაბიძემ.
კლდიაშვილის ქუჩაზე მულტიფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 ათ კვ. მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, პროექტის ძირითადი ნაწილი სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არაფორმალური განათლების ცენტრი – მედიათეკაც აშენდება. მოეწყობა ქვაფენილი, დასასვენებელი სკამები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მცირე დენდროლოგიური ზონები, ფანჩატურები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, სთრით ბოლის მოედანი. ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი ჭადრაკის მოყვარულთათვის და მოეწყობა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონაც.
პროექტის მიხედვით, სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რეკრეაციის მოსაწყობად 4 256 559 ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, ახალი რეკრეაციული სივრცე იქნება მესხიშვილის ქუჩაზეც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სკამები, გარეგანათება, გაზონები და სარწყავი სისტემა მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება 307 340 ლარია.
ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შარტავას გამზირის #19-დან მე-20-ე მიკრო რაიონის #1 კორპუსამდე, სადაც ტერიტორია დეკორატიული ბეტონის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება და მწვანე სივრცე. სამუშაოების შესასრულებლად 479 439 ლარია გათვალისწინებული.
სამივე პროექტის პროექტების განხორციელებისთვის, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 5 043 338 ლარი დაიხარჯება.