“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ილია ბურჯანაძემ, დაბა აგარაში რამდენიმე შიდა ქუჩის მოხრეშვა-მოასფალტება მოითხოვა.
მისი თქმით, აგარაში რამდენიმე ქუჩა ძალიან დაზიანებულია და გადაადგილების პრობლემას წარმოადგენს.
“მაგალითად, ქარხანისკენ მიმავალი შიდა ქუჩები, სადაც მუშები ყოველ ღამით გადადგილდებიან. ეს საკითხი წინა სხდომებზეც დავაყენე. იქნება მოხდეს ამ საკითხის გათვალისწინება, ახლა თუ არა შემდეგში მაინც, მითუმეტეს რომ ლაპარაკია მცირე ზომის მონაკვეთებზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თხოვნას, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა. ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში გზების მოწესრიგების კუთხით ბევრი პროექტი აქვთ, თუმცა უახლოეს მომავალში აგარაში გზა ვერ მოწესრიგდება.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ წვერში,ურბნისში და ქარელში ახალგაზრდობის ქუჩის, იუსტიციის სახლის მიმდებარე ქუჩის ასფალტირება. წელს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები სრულად არის მიმართული ამ პროექტებისკენ, ამიტომ წელს, აგარაში გზების დაგების სამუშაოები არ მოხდება, თუმცა ვნახოთ წლის ბოლოს როგორ მოგვრჩება თანხები იმის მიხედვით ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.