ვის რად უნდა სკვერი, წყალი მოაწესრიგონ, არის უბნები საუკუნეა წყალი არ უნახავთ – სოფელ ხოვლეს მოსახლეობა სკვერის მოწყობაზე

410

“ვის რად უნდა სკვერი, წყალი მოაწესრიგონ, არის უბნები საუკუნეა წყალი არ უნახავთ”, – ასე გამოეხმაურა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელში სკვერის განახლებისთვის მერიამ 176 667 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ სოფელ ხოვლეში მაცხოვრებელთათვის პრიორიტეტული წყლის პრობლემაა.

“ვფიქრობ სასმელი წყალი და გრაკლის გზა იყო პრიორიტეტული. მთელი ხოვლე სკვერია თავისი სილამაზით და ჰაერით. ბოლო-ბოლო ქალაქი ხომ არაა? ბუნებაში დასვენების დეფიციტი რომ გვქონდეს. ყველა საკუთარი სკვერი აქვს ეზოში. სასმელ წყალზე მაგას ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით, სოფლის დასაწყისში”, – ამბობს მედეა ზაქარაშვილი.

მაია მჭედლიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით პრობლემური სოფლის საწყისი უბნებია, სკოლის მიმდებარედ, სადაც წყალი თითქმის არ აქვთ.

“წყალი გვინდა. სკვერზე მერე იფიქრეთ. სასმელი წყლის დიდი პრობლემაა სოფლის საწყის უბნებში, კერძოდ სკოლის გარშემო.”, – აცხადებს მოქალაქე.

მოსახლეობის განმარტებით, სოფელში წყალი მას შემდეგ აღარ არის, რაც გაზის მილების ჩასაყრელად გადაითხარა გზები.