“ოცნების” და ენმ-ის საპარლამენტო გარიგების პირველი შედეგი – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გახდა

630

“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარიგების შედეგად 4 დღის წინ რამდენიმე საათში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას უკვე კონკრეტული შედეგი აქვს – მმართველმა პარტიამ ბათუმში თავისი წარმომადგენელი საკრებულოს წევრადაც აღიარა და საკრებულოს თავმჯდომარედაც დაამტკიცა.

იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულოში შუალედური მაჟორიტარული არჩევნებით გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა, მმართველმა პარტიამ ჯერ მოინდომა, რომ ცვლილება მხოლოდ რამაზ ჯინჭარაძისთვის მოერგო, რომელმაც შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ მისი უფლებამოსილება ვერ სცნეს, რადგან საკრებულოში “ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმები არ ჰქონდა. შესაბამისად, პროექტში ჩაწერეს, რომ ამისთვის ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაც საკმარისი იქნებოდა. ენმ-მ კი შესთავაზა, რონ ცვლილებას მხარს დაუჭერდნენ, თუკი საკრებულოს თანხმობის გარეშე პროპორციული წესით არჩეულის უფლებამოსილების ცნობაც იქნებოდა შესაძლებელი. ეს კი ენმ-ს სენაკში საკუთარი წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის სჭირდებოდა, რადგან იქ უკვე მმართველი პარტია შლიდა სხდომებს. საბოლოო ჯამში მათი გარიგება, რომელიც მათი პარტიების თითო წევრზეა მორგებული, ისე გაფართოვდა, რომ მეორე-მესამე მოსმენაზე 25 მაისს სულ სხვა პროექტი მიიღეს.

ამ ცვლილებიდან სულ რამდენიმე დღეში კი მაჟორიტარი რამაზ ჯინჭარაძე, რომლისთვისაც კანონი შცვალეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც გახდა. მას მხარი საკრებულოს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი თავდგირიძემ.

“მადლობა ამომრჩევლებს, მზად ვართ ვემსახუროთ ქალაქს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკრებულო იყოს ღირსეული, მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებებს, რაც სამომავლოდ კარგად და კეთილად დაამახსოვრდება ჩვენს მოქალაქეებს. თუ საკრებულოს წევრი ხარ, უნდა მიიღო საქმიანობაში მონაწილეობა, უნდა მოხვიდე და ემსახურო მოსახლეობას. გააჩნია რა იდეებით შემოვლენ ოპოზიციის წევრები, ჩვენ ერთნაირად უნდა გვიყვარდეს ბათუმი და ვემსახუროთ ქალაქს, მე ასე მესმის”,- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დასწრებიან.

აღსანიშნავია რომ, რამაზ ჯინჭარაძე შუალედური არჩევნებით აირჩიეს, თუმცა, მისი უფლებამოსილების ცნობა მხოლოდ წინა კვირას მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.