ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გარდაბნის მერიის ბიუჯეტით ტრენინგ-კურსები შექმნა

568

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გარდაბნის მერიის ბიუჯეტით ტრენინგ-კურსები შექმნა. ინფორმაცია აღნიშნული ტრენინგის შესახებ პირველად qvemoqartli.ge-მ აღმოაჩინა და გაავრცელა.

ტრენინგი ღვინის პოპულარიზაციას ეხება და მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო რწმუნებულის ფუნქცია ცენტრსა და თვითმმართველობებს შორის მაკოორდინირებელი საქმიანობაა და არა – მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების განკარგვა, რწმუნებულმა მის მიერ მოწონებული ტრენინგის დაფინანსება, რატომღაც, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანხებით გადაწყვიტა.

ტრენინგის შესახებ ინფორმაცია ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნულია, რომ ინიციატივა სახელმწიფო რწმუნებულს ეკუთვნის, ხოლო პროექტს სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

ამასთან, რეგისტრაციის მსურველთათვის დასაკავშირებლად შესაბამის ჩამონათვალში მითითებულია ჯერ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და შემდეგ – გარდაბნის მერია.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

„ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ქართული ღვინის გილდიამ, ფერმერთა და მცირე საოჯახო მეურნეობების წარმომადგენელთა მხარდაჭერისა და საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავების მიზნით, სპეციალური ტრენინგ-კურსები დაგეგმა.

ორდღიან კურსზე “ენოლოგია” დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტრესებულ პირს. ტრენინგი ჩატარდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით”,- წერია უწყების განცხადებაში.

ასევე წერია, რომ პროექტი მასშტაბურია და მოიცავს ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, ხოლო “პროექტს სრულად აფინანსებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი”.

განცხადებაში მითითებულ პირველივე ნომერზე დარეკვისას droa.ge-ს განუცხადეს, რომ ტრენინგ-კურსების ინიციატორი ნამდვილად სახელმწიფო რწმუნებულია, მაგრამ დაფინანსება გარდაბნის მუნიციპალიტეტმა აიღო საკუთარ თავზე და შეკითხვებისთვის მერიას უნდა დავუკავშირდეთ.

“ეს ტრენინგ-კურსი გილდიის სურვილით გაკეთდა, უბრალოდ, ბატონმა გიორგიმ [დოხტურაშვილი] ინიციატივა გამოთქვა, დახმარებოდა. შემდგომ უკვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი აიღო თავის თავზე და შესაბამისად, გააკეთებს ამ ტრენინგ-კურსს. ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტისაა. შესაბამისად, ჩვენ რატომ გვიკავშირდებით? თუ დეტალები გაინტერესებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდით”, – განაცხადეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

დეტალების გასარკვევად გარდაბნის მერიაშიც დავრეკეთ, ისევ განცხადებაში მითითებულ ნომერზე, სადაც გვითხრეს, რომ მათ მხოლოდ კურსებზე დასწრების მსურველების ჩაწერა ევალებათ და სხვა არაფერი იციან. მსურველი კი, ჯერჯერობით, არ გამოჩენილა.

“ჩემთვის არავის მოუმართავს და სხვას თუ მიმართეს, არ ვიცი”,- გვითხრეს პასუხად.

პასუხი ვერც მერიის ადმინისტრაციის უფროსისგან მივიღეთ. დავით ჩადუნელმა – “არაფერი მესმის, გადმოგირეკავთ-ო…” და ამის შემდეგ არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

“სახელმწიფო რწმუნებულის” ინსტიტუტი საქართველოში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქცია მუნიციპალიტეტებში მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ასევე ცენტრსა და თვითმმართველობებს შორის მაკოორდინირებელი საქმიანობაა, თუმცა, არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო რწმუნებულების (წარსულში გუბერნატორი) გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში, მათ შორის, დაუფარავადაც კი წყვეტენ, რა უნდა დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით, რაც ამ კონკრეტულმა შემთხვევამაც ნათლად დაადასტურა.