ახალციხის ციხის კომერციული ობიექტების აუქციონის შედეგები ცნობილია

295

წინა სტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, ახალციხის ციხეზე კომერციული ობიექტების იჯარით გადაცემაზე დასრულდა.

აუქციონზე გატანილი, ახალციხის ციხეზე არსებული ექვსი კომერციული ობიექტიდან ოთხი იჯარით გაიცა, დანარჩენ ორზე კი დაინტერესება არავინ გამოხატა. აუქციონში გამარჯვებულებს, ობიექტები სარგებლობაში ხუთი წლის ვადით გადაეცემათ.

აუქციონის შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირად ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N56 და N57 შენობა და მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა. ობიექტზე ბიჯი 459–ჯერ დაიდო და საბოლოოდ, სარგებლობის უფლება გამარჯვებულმა 102 003,6 ლარად მოიპოვა.

6 242,4 ლარად გაიყიდა სარგებლობის უფლება იმავე მისამართზე მდებარე N52 შენობაზე და N54 შენობის გადახურვაზე, ასევე შემინული ნაგებობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

N59 შენობა და მიმდებარე ტერიტორია გამარჯვებულს 2 264,4 ლარად გადაეცემა.

N60 შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზეც, სარგებლობის უფლება 2 264,4 ლარად გაიყიდა.

სურვილი არავის გამოუხატავს და შესაბამისად, აუქციონი ვერ შედგა N48 და N49 შენობებზე, რომლის საწყისი ფასი აუქციონზე 22 500 ლარი იყო. დაინტერესება არ გამოთქმულა N54 შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 9 792 ლარად იყიდებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალციხის ციხეზე არსებულ კომერციულ ობიექტებზე აუქციონი 10 მაისს გამოაცხადა, რომელიც დღეს, 20 მაისს დასრულდა.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა აუქციონში გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციის მიღებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, თუმცა აქ აცხადებენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, ინფორმაციას დღეს ვერ მოგვაწვდიან.

აპირებს თუ არა მერია დარჩენილი ობიექტების აუქციონზე ხელმეორედ გატანას, ამ დროისთვის უცნობია.

აუქციონზე გატანილი ობიექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.