“ამოვიღე ბანკის ამონაწერი და იქ გამოჩნდა” – დერცელის სკოლის დირექტორი ბუღალტერის მითვისებულ ფულზე

602

წინა სტატია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის სკოლის დირექტორის, მერაბ ბერიძის განცხადებით, ყოფილი ბუღალტერის მიერ თანხის მითვისების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ბანკის ამონაწერში დიდი ოდენობის დანაკლისი აღმოაჩინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მერაბ ბერიძის თქმით, დაკავებული ქალი, დერცელის სკოლაში 2021 წლის სექტემბრიდან აღარ მუშაობს.

„მე თვითონ აღმოვაჩინე ფაქტი. როდის დააკავეს არ ვიცი. პროკურატურაში გამოკითხვაზე რამდენჯერმე ვიყავი. მარტო იყო თუ არა არ ვიცი. ამოვიღე ბანკის ამონაწერი და გამოჩნდა იქ. რაში იყენებდა ის თანხას, ამას გამოძიება დაადგენს. სექტემბრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. სხვა ადამიანის შესახებ (ვინც შესაძლოა დაკავებულ ქალს ეხმარებოდა თანხის მითვისებაში) ჩემთვის უცნობია. გამოძებიდან გამომდინარე გაირკვევა ყველაფერი“,–აცხადებს იგი.

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ინგა ბოჭორიშვილმა გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა, რომ მომხდარზე “ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და ვერ უპასუხებს“.

სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა. ბუღალტერმა 2019–2021 წლებში, სკოლის საბანკო ანგარიშიდან 142 629,7 ლარი მიითვისა, რაც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. დაკავებულ ქალს სასჯელის ზომად 7–დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.