ავტორი: ანი გუგეშაშვილი
მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი ერთობლივი ა(ა)იპ-ები “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები” (DMO), რომელთა საქმიანობასაც ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი მწირი ბიუჯეტებიდან აფინანსებენ, არაეფექტიანია და დაკისრებულ მოვალეობებს არასრულფასოვნად ასრულებენ, თვითმმართველობები კი მათგან სათანადო სერვისს ვერ იღებენ. DM0-ების უმეტესობა ვერ ახდენს რეგიონის, როგორც ტურისტული ბრენდის, პოპულარიზაციას და მაშინ, როცა თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ინტერნეტია, ორგანიზაციების მიერ შექმნილ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში აქტივობა დაბალია, საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებთან კი, არცკი თანამშრომლობენ, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
რა არის DMO და რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს ის?
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები 4 წლის წინ საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შეიქმნა. თუმცა, იმის გამო, რომ რეგიონულ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობა არ გვაქვს, ოფიციალურად, ამ ა(ა)იპ-ების დამფუძნებლები მუნიციპალიტეტები არიან – სამეგრელოს DMO ამ რეგიონში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს, იმერეთში – იმერეთის მუნიციპალიტეტებმა და ა.შ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ერთ-ერთი დამფინანსებლებიც სწორედ მუნიციპალიტეტები არიან.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების მიზანი რეგიონებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. მათ უნდა გააკეთონ რეგიონებში ტურისტული ღირსშესანიშნაობის მდგომარეობის ანალიზი, იზრუნონ ბრენდის გაუმჯობესებაზე, რეკლამირებასა და მარკეტინგზე, ითანამშრომლონ ტურიზმის სფეროში მოქმედ კომპანიებთან და შექმნან ახალი, მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები იმისათვის, რომ გაიზარდოს როგორც ტურიზმიდან მათი სარგებელი, ისე ვიზიტორთა კმაყოფილების დონე, უნდა მოიძიონ და დანერგონ ახალი მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას.
მოდით, ვნახოთ, რამდენიმეწლიანი საქმიანობის შემდეგ რა შედეგს მიაღწიეს მათ.
რამდენად ეფექტიანად იყენებენ DMO-ები რეკლამირებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს და როგორ იმართება მათი ვებგვერდები/სოციალური ქსელები?
იქიდან გამომდინარე, რომ DMO-ების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა რეგიონის პოპულარიზება და ტურისტების მოზიდვაა, საჭიროა, მათი ვებგვერდები და სოციალური მედიის არხები გამართული, ინფორმაციული და მარტივად აღქმადი იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი სერვისისა და პროდუქტის რეკლამირება ინტერნეტში უფრო მოსახერხებელი, სწრაფი და იაფია, ვიდრე სხვა სარეკლამო არხებში. თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურმა მოიკვლია, DMO-ების მიერ შექმნილი სოციალური არხების უმრავლესობა გაუმართავია და ინტერნეტსივრცის სრულ შესაძლებლობებს ვერ იყენებს, ასევე, არ ახლდება მათი ვებგვერდები და არ შეიცავს სრულ ინფორმაციას რეგიონის ტურისტული ობიექტების, ღირსშესანიშნაობების, ისტორიისა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
DMO-ების ვებგვერდებზე ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობის/არარსებობის ცხრილი ასე გამოიყურება:
როგორც ხედავთ, DMO-ების ვებგვერდებზე არ არის განთავსებული ინფორმაცია რეგიონში მომსახურე ტუროპერატორებისა და გიდების, მუნიციპალური ტრანსპორტის, სრულყოფილი რუკისა და სხვა საჭიროებების შესახებ.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდებზე ენის არჩევის ფუნქცია მოქმედია, უმეტეს შემთხვევაში, საიტების უცხოენოვანი ვერსია გაუმართავია და ვებგვერდი მხოლოდ ქართულ ენაზე ფუნქციონირებს. შესაბამისად, არ არის ხელმისაწვდომი უცხოელი ტურისტებისათვის.
რაც შეეხება DMO-ების სოციალური ქსელების რეიტინგების რაოდენობრივ ანალიზს, მათი გამომწერთა რაოდენობა Facebook-ზე 1 300 – დან 11 400-მდე, ხოლო Instagram-ზე − 56-დან 1 232 ადამიანამდე მერყეობს.
ასევე დაბალია DMO-ების აქტივობა Youtube არხზეც. კერძოდ, განთავსებული ვიდეოების რაოდენობა მცირეა და 1-დან 59-მდეა, ისევე, როგორც ძალიან დაბალია არხის გამომწერთა რაოდენობა (1−492 ადამიანი).
როგორ იყენებს DMO რეგიონში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოზიდვის საშუალებებს?
გარდა იმისა, რომ DMO-ების სოციალური მედიაპლატფორმები არაეფექტიანად იმართება, ასევე, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ზოგადი სახითაა გაწერილი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა და არ განსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანებს, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიული გეგმით დასახული მიზნების შესრულებას, რომლითაც უნდა განისაზღვროს რეგიონის პრიორიტეტები ტურიზმის სფეროში, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმა თუ სიხშირე და სხვა. ამასთან, დეტალური გეგმა არ ითვალისწინებს მიზნის მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებების ჩატარების სიხშირეს და თითოეულისათვის საჭირო ბიუჯეტის მოცულობას. ამასთან, DMO-ების უმეტესობას მომზადებული არ აქვს არსებული ტურისტული ობიექტების სრულფასოვანი ბაზა.
საგულისხმოა, რომ DMO-მ უნდა მოამზადოს არსებული ტურისტული ობიექტების ბაზა, ინტენსიურად უნდა იმუშაოს ახალი ობიექტების მოძიებისათვის, შექმნას ტურისტული მარშრუტები, უზრუნველყოს ბილიკების მარკირება, ხელი შეუწყოს ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გამართვას, აქტიურად ითანამშრომლოს გიდებსა და ტურისტულ სააგენტოებთან. რეგიონის არსებული და ახალი ტურისტული ობიექტების პოპულარიზებისა და ადგილობრივი/უცხოელი ტურისტების მოსაზიდად DMO-მ უნდა ჩაატაროს თანმიმდევრული სამუშაო, რაც გულისხმობს: არსებული ტურისტული ობიექტების ბაზის შექმნას და სრულყოფას; ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას და განვითარებას; ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვისა და ტუროპერატორებისთვის.
სახელმიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, DMO-ებს მოძიებული აქვთ გარკვეული სახის ინფორმაცია არსებულ ტურისტულ ობიექტებზე და მომზადებული აქვთ ღირსშესანიშნაობების, კვებისა და განთავსების ობიექტების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ერთიანი ბაზები, ასევე, ინფორმაცია თავმოყრილია ბუკლეტებში, ფლაერებში, საინფორმაციო ბროშურებსა და სხვა პუბლიკაციებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათ მიერ მომზადებული მასალები არ არის სათანადოდ დამუშავებული და არ მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ბაზებს DMO-ების წარმომადგენლები ყოველწლიურად ანახლებენ, თუმცა, მუნიციპალიტეტებისაგან შეგროვებული მონაცემები, ძირითადად, მხოლოდ მათთან ინახება და არ არის განთავსებული ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამასთან, მიწოდებული არ არის ქართული და უცხოური ტუროპერატორებისათვის, ან ტურიზმის სექტორში ჩართული სხვა ბიზნესსუბიექტებისათვის.
ასევე, საყურადღებოა, რამდენად ეფექტიანი და ხშირია DMO-ებისა და ადგილობრივი/უცხოური ტუროპერატორების, ასევე, ტურიზმის სხვა სუბიექტების თანამშრომლობა. არის თუ არა ხელმისაწვდომი არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ყველა დაინტერესებული მხარისათვის და რას მოიცავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები ახალი და არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზებისათვის. აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ DMO-ები, სხვადასხვა სუბიექტთან თანამშრომლობის კუთხით, ატარებენ გარკვეული ხასიათის ღონისძიებებს, თუმცა, ასეთ აქტივობებს არ აქვს სისტემატური ხასიათი და არ ხორციელდება ყველა მათგანის სათანადო ინფორმირება.
ასევე, ტურიზმის სფეროს უმეტესობას არ აქვს ინფორმაციას DMO-ების არსებობის შესახებ, არ იღებენ მონაწილეობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში და DMO-ებსა და ტურიზმის სფეროში ჩართულ ადგილობრივ სუბიექტებს შორის ურთიერთთანამშრომლობა არ ატარებს რეგულარულ ხასიათს, ვინაიდან მათი თანამშრომლობა შემოიფარგლება რამდენიმე ერთობლივი ღონისძიების ჩატარებით. არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია კი არ არის ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისათვის
რამდენად დეტალურად და სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად არის განსაზღვრული DMO−ების ყოველწლიურად განსახორციელებელი აქტივობები?
სტრატეგიის დოკუმენტზე დაყრდნობით, DMO ვალდებულია, ყოველწლიურად მოამზადოს დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლითაც მან უნდა იხელმძღვანელოს და ამასთანავე, იყოს სათანადო ინფორმაციის წყარო დამფუძნებელი მუნიციპალიტეტებისათვისაც. გარდა ამისა, DMO-ს დოკუმენტში გაწერილი უნდა ჰქონდეს განსახორციელებელი ღონისძიებები შესაბამისი კალენდრითა და ბიუჯეტით, ასევე, უნდა ასახოს მისაღწევი საბოლოო და შუალედური შედეგები, ვინაიდან, შუალედური შედეგების დაგეგმვა ორგანიზაციას ეხმარება, თანმიმდევრულად განახორციელოს და შეაფასოს სხვადასხვა ღონისძიება, დროულად გამოავლინოს ხელისშემშლელი ფაქტორები და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს გეგმის კორექტირება. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, DMO-ების უმეტესობა დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს.
იმის გამო, რომ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა სათანადოდ არ არის შედგენილი, ორგანიზაციებს არ გააჩნიათ კონკრეტული სამუშაო პროგრამა თითოეული წლისათვის და ვერ ახორციელებენ საკუთარი საქმიანობის შეფასებას ეკონომიურ და პროდუქტიულ ჭრილში.
DMO-ების საქმიანობის ანგარიში
DMO-ების საქმიანობის ანგარიში, რომელსაც ისინი ყოველწლიურად წარადგენენ დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებთან, ნათლად უნდა ასახავდეს DMO-ს მიერ სტრატეგიული დოკუმენტითა და დეტალური გეგმით დასახული მიზნების შესრულების მდგომარეობას, დასახული ამოცანების შესრულების მაჩვენებლებს, მიმდინარე პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს, გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს, მიღწეულ შედეგებს და ა.შ. ვინაიდან, საქმიანობის ანგარიშის სათანადოდ მომზადება და წარდგენა უზრუნველყოფს DMO-ს საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეების, ხელშემწყობი ფაქტორებისა და შესაძლო წინააღმდეგობების ანალიზს. თუმცა, გამოვლინდა, რომ DMO-ების წარდგენილი ანგარიშები არის ფორმალური ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს შედეგების მიმოხილვასა და ანალიზს, რადგან, მეტწილად შეფასებული არ არის სტრატეგიით დასახული მიზნების მიღწევის/ დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა და შეუსრულებლობის მიზეზები.
ჩართულია თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა DMO-ს მართვასა და მიღებული შედეგების შეფასებაში?
ადგილობრივი თვითმმართველობები და DMO-ები, ფაქტობრივად, არ თანამშრომლობენ. მათ შორის კომუნიკაცია წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ხდება, არ აქვს სისტემატური ხასიათი და უმეტესად, წლიური გეგმის დამტკიცების, ან საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას ინფორმაციის ზეპირი ურთიერთგაცვლით შემოიფარგლება.
აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხული 34 მუნიციპალიტეტიდან 2018−2020 წლებში DMO-ებთან კომუნიკაცია მხოლოდ 29 მათგანს ჰქონდა, მათ შორის, წერილობით − 25-ს, ზეპირი − 4-ს, ხოლო 5-ს არ მიუმართავს ა(ა)იპ-ისათვის.
ჩართულობის მხრივ, პრობლემას წარმოშობს ისიც, რომ მუნიციპალიტეტები არ მიმართავენ DMO-ებს კონკრეტული წერილობითი დავალებებით. შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტების სამსახურებისა და DMO-ების ერთობლივი კოორდინირებული საქმიანობა.
მუნიციპალიტეტები რეგულარულად არ ატარებენ ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგს, არ ზომავენ DMO-ებზე გაცემული დაფინანსების ეფექტიანობას და არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მუნიციპალიტეტების მხრიდან არ არის დაწესებული შესაბამისი კონტროლი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ა(ა)იპ-ების განვითარებასა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. თვითმმართველობების ნაწილმა არ იცის, რისთვის აფუძნებენ DMO-ს ან რა მიღწევები აქვს მათ საქმიანობას მუნიციპალიტეტში. ასევე, მუნიციპალიტეტების მხრიდან ა(ა)იპ-ების არასათანადო კონტროლზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ DMO-ების ნაწილი თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციას არ ასრულებს.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშით, DMO-ების პასუხისმგებელმა პირებმა არსებული პრობლემების გამოსავლენად რამდენჯერმე დაათვალიერეს/დაასურათეს ტურისტული ობიექტები და მიმართეს მუნიციპალიტეტებს, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერილობით, თუმცა, მოპოვებული ინფორმაცია არ არის თავმოყრილი და ობიექტების შემოწმებას არ აქვს რეგულარული ხასიათი. მხოლოდ საკუთარი ადამიანური რესურსებით და ადგილზე დათვალიერების საშუალებით კი, DMO-ები ვერ შეძლებენ უწყვეტ რეჟიმში მოიპოვონ ინფორმაცია ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებთან/ტურიზმის სფეროში მოქმედ სხვა სუბიექტებთან და მათგანაც მიიღონ ინფორმაცია ობიექტებზე არსებული საჭიროებების შესახებ. აუდიტის გამოკითხვით, 34 მუნიციპალიტეტიდან DMO-ს წარმომადგენელმა მხოლოდ 13-ს მიმართა, თითოეულ მათგანთან, წლის განმავლობაში, წერილობითი კომუნიკაცია კი, მხოლოდ ორჯერ ჰქონდა.