მარნეულის მერიამ კულტურის სახლის ბიუჯეტი 65 000 ლარით გაზარდა

71

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის სახლის ბიუჯეტი 65 000 ლარით გაზარდა. გადაწყვეტილება 13 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხი განსახილველად მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა გამოიტანა და თქვა, რომ თანხის ნაწილი კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლის გასტროლისთვის გაითვალისწინეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„კულტურის სახლს ვუმატებთ 65 000 ლარის სუფსიდიას. მოგახსენებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ტარდება ღონისძიებები და მონაწილეობა უნდა მიიღოს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ანსამბლმა. აქედან გამომდინარე, საჭირო არის მივლინების დაფინანსება. მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია რომ გათვალისწინებული იყოს თანხა“

როგორც რადიო “მარნეულთან” საუბრისას კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო შავიშვილი ამბობს, ძირითადი თანხა ჩეხეთში გასამართ კონკურსზე, ანსამბლ „იბერია“-ს გამგზავრებას მოხმარდება, ნაწილი კი კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებს და მიმდინარე საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ მიწვეულია ჩეხეთში ფოლკლორის, ცეკვისა და მუსიკის საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალზე. ღონისძიება აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.