წაიკითხეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მოქალაქეების ჩართვა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“: მოსახლეობას ვპირდები მმართველობის სრულიად ახალ მეთოდს, მსგავსი ტიპის მმართველობა ალბათ საქართველოში არ იქნება. მოქალაქე როდესაც მოდის ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად, ჩემი თანამშრომელი, სპეციალისტი იქნება, თუ თვითმმართველობიდან არჩეული დეპუტატი , მთლიანად გადავა ადამიანების სამსახურში. აქ არ არის მარტო კონსულტაციის გაწევა მთავარი, რომ გადაამისამართო ამა თუ იმ უწყებაში, ამ ყველაფერს გააკეთებს მერიის თანამშრომელი კონრეტულ მოქალაქესთან ერთად.
ადამიანური რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. რთული და მძიმე იქნება, მაგრამ, სამაგიეროდ, საჯარო სამსახური იქნება ადამიანების სამსახურში და არა პირიქით. შეიძლება ეს არ შედის მათ უფლებამოსილებაში, მაგრამ ძალიანაც კარგად შედის.
ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყველა ადამიანი შევიდეს ინტერნეტში, ამოკრიფოს, წაიკითხოს, ეს პროცესიც უნდა დაიძრას და ამაზეც უნდა გადავიდეთ, მაგრამ, ნელ–ნელა, ეს ადამიანები უნდა ჩავრთოთ და გადავიყვანოთ ხალხის სამსახურში.
მე არასდროს მისარგებლია დასვენებით, ჩემი დასვენებაა, როდესაც ადამიანები კარგად გრძნობენ თავს დ და პრობლემები ადგვილად უგვარდებათ, მათ მაგივრად მოუწევთ მუშაობა ამ სპეციალისტებს. თბილისში, სამინსიტროებში და სხვადასხვა დეპარტამენტებში სიარულის ჩათვლით.
N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: დღევანდელმა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა მოსახლეობის წინაშე, როდესაც გააერთიანა ქალაქი და სოფელი, იმიტომ, რომ მძვინვარებს კორუფცია. ჩვენ თითოეულ უბანზე ვართ მისული, როდესაც საარჩევნო ბუკლეტი შევადგინეთ, ანალოგიურად გავაგრძელებთ შეხვედრებს. ვიმუშავებთ მოსახლეობასთან.
ვფიქრობთ შექმნათ, ჩვენგან დამოუკიდებლად, „დარბაზი“, სადაც ყველა უბნიდან გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი შეკრიბება. ეს იქნება უხელფასო. ჩვენ მივცემთ ფართს შესაკრებად, ჩვენ შევუწყობთ ხელს, რომ დავაკავშიროთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც და ვერც გავაკონტროლებთ, მიღებულ გადაწყვეტილებას გავაანალიზებთ, ვალდებულება გვექნება დარბაზს პასუხი გავცეთ.
ამ დარბაზს დიდი ლეგიტიმაცია ექნება, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან მივიტანთ.
N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: ყველა გადაწყვეტილება იქნება საჯარო. სოფლისა და უბნების დეპუტატების დახმარებით რეგულარულად იქნება ჩანიშნული წამოჭრილი პრობლემები და მათივე ჩართულობით იქნება გადაჭრილი. მჭიდრო კავშირი მექნება პრესასთან, ტელევიზიასთან.
მინიმუმ, თვეში ერთხელ, ახალციხის ტელევიზიით მოვაწყობ გადაცემას პირდაპირ ეთერში – გისმენთ ქალაქის მერი. მოვაწყობ რეგულარულ შეხვედრებს თვითმმართველი თემის ყველა ქალაქსა და სოფელში.
N31 ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“: ყოველ სამ თვეში ერთხელ ტელევიზიისა და პრესის მეშვეობით გავაცნობ საზოგადოებას მერიის ამა თუ იმ შესრულებულ სამუშაოებს და ასევე ჩემი სამუშაო კაბინეტის კარი იქნება ყველასათვის ღია. რეგულარულად მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან.
N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“: მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით, შეიქმნება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან აქტიური მოქალაქეები, შშმ პირები, არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მეწარმეები. სხდომებზე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება.
გარდა ამისა, გაგრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრები. ყველა ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განცხადებების სახით გამოიკვრება თავშეყრის ადგილებში. მოქალაქეებს საშუალება ექმნებათ გამოთქვან საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.