ლენტეხის მუნიციპალიტეტში მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა კოშკი-მაჩუბით, გაკეთდება ალაყაფის კარი, კეთილმოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, საპირფარეშოები, ფანჩატური-მოსასვენებელი ადგილი და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
აღნიშნული პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.
“საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ – თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას”, – განმარტავენ მერიაში.