„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ადიგენში ჯემალ ვანაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და ადიგენის პოლიციის თანამშრომლებს, სოფლებში, მოხესა და დერცელში, მის მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მერობის კანდიდატის თქმით, დღეს, 19 ოქტომბერს, ადიგენში, სოფელ დერცელში მცხოვრებ მამუკა ბერიძეს, ადიგენის პოლიციის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანა ჩამოართვეს, ამავე სოფლის მცხოვრებ თემურ მიქელაძეს კი სახერხი დანადგარი, რომელიც ასევე კერძო საკუთრებაში ჰქონდა.
ვანაძის განმარტებით, ადგილობრივებისთვის მიზეზი არ განუმარტავთ და არც შესაბამისი დოკუმენტაცია შეუდგენიათ.
„სამხრეთის კარიბჭემ“ დეტალების გარკვევა, ბერიძესა და მიქელაძესთან სცადა, თუმცა, არცერთმა მათგანმა საუბარი არ ისურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ ავტომანქანისა და სახერხის დალუქვის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხეს ამ შემთხვევის კავშირი არჩევნებთან.
როგორც უწყებაში განმარტეს, სატვირთო მანქანაში უკანონოდ მოპოვებული, დიდი რაოდენობით ხე–ტყე აღმოაჩინეს. სახერხი საამქრო კი არალიცენზირებული იყო. ორივე ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე, ხე–ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს.
მეორე შემთხვევა, ჯემალ ვანაძის განმარტებით, გუშინ, 18 ოქტომბერს მოხდა. ამ დღეს სოფელ დერცელში ზეწოლა სკოლის მასწავლებლებზე განხორციელდა. როგორც კანდიდატი ამბობს, სკოლაში ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი მივიდა და რამდენიმე პედაგოგს დაემუქრა რომ „არჩევნების შემდეგ სამსახურებს დატოვებინებდა“.
ჯემალ ვანაძის თქმით, რესურსცენტრის უფროსი მოხის სკოლაშიც იმყოფებოდა და მასწავლებლებს სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
კანდიდატი, იმ მასწავლებლების ვინაობის გამხელისგან, ვისაც რესურსცენტრის ხელმძღვანელლი დაემუქრა, თავს იკავებს და ამბობს, რომ ამას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. მისივე თქმით, მასწავლებლები არც იმაზე არიან თანახმა, მედიასთან ანონიმურობის დაცვის გარანტით ისაუბრონ. შესაბამისად, „სამხრეთის კარიბჭე“ ამ მასწავლებლებს ვერ შეხვდა.
„სოფელ დერცელისა და მოხის 90 პროცენტი ჩემი მხარდამჭერები არიან. ეს სოფლები არის ჩემი საძირკველი და შენობა თუ გინდა დაშალო, საძირკველი უნდა მოუშალო. ამიტომაც არის ზეწოლები და შსს–სთან ერთად, რესურსცენტრიც მთლიანად ჩართულია“,– ამბობს ჯემალ ვანაძე.
ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადასტურებს, რომ გუშინ,18 ოქტომბერს მოხისა და დერცელის სკოლებში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა, ამბობს, რომ სკოლებში მონიტორინგის ჩასატარებლად იყო: „ყოველთვის მაქვს მსგავსი შეხვედრები, მონიტორინგს ვატარებ. მე ვინ მეკითხება აგიტაციას და მოწოდება რაღაცეების, მითუმეტეს მუქარა მასწავლებლებზე. ვანაძე ვინ არის არ ვიცი და არც არასოდეს მინახავს“.
სკოლაში რესურსცენტრის მისვლა, „სამხრეთის კარიბჭეს“ მოხის სკოლის მასწავლებელმა თემურ ბერიძემაც დაუდასტურა. მასთან იმ დეტალების გარკვევა ვცადეთ, რაზე ისაუბრაინგა ბოჭორიშვილმა, თუმცა მისი თქმით, მაშინ როდესაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი სკოლაში მივიდა, გაკვეთილზე იყო და საუბრის დეტალები არ იცის.
მოხის სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა კი, განაცხადა, რომ საუბარი სკოლის პრობლემებს შეეხო.
“სკოლის საკითხზე ვისაუბრეთ, გავაცანით რა პრობლემები გვქონდა, რა არა. ახლა რემონტს ვაპირებთ და ძირითადად ამ საკითხზე იყო ლაპარაკი. წყალი ჩამოგვდის და სასწავლო პროცესი როგორ უნდა გაგვეგრძელებინა რემონტის პარალელურად, ამაზე ვლაპარაკობდით. საკმაოდ ხშირად ამოდის ხოლმე, ახლა მითუმეტესმ ეს ამბები რომ გვაქვს“,– განაცხადა ნათია რეხვიაშვილმა.
„სამხრეთის კარიბჭე“ დეტალების გარკვევას დერცელის სკოლაშიც შეეცადა, თუმცა, სკოლის რომელიმე თანამშრომელს ან დირექტორს ვერ დავუკავშირდით.
რაც შეეხება N38 ადიგენის საოლქო–საარჩევნო კომისიას, ამ დრომდე კომისიაში ამ ფაქტებზე საჩივარი არ შესულა.