მარნეულის მერიამ აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ჯგუფი შექმნა

477

წინა სტატია

დღეს, 13 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრეს. მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა აუდიტის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მერიის ხედვა წარადგინეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2019-20 წლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 503 800 ლარის ღირებულების პროექტებს სხვადასხვა სახის ხარვეზები აღენიშნებოდა. სახელმწიფო აუდიტმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით მარნეულის მერიას რეკომენდაციით მიმართა და თხოვა შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღეა-ჩაბარების წესი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი სამუშაოების კონტროლის მექანიზმები. აუდიტი მერიას ასევე მოუწოდებს შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით მუმლაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზი, ძირითადად, მოსახლეობის მიერ არასწორი ექსპლუატაცია იყო.

„ობიექტებს ძირითადად ზედამხედველობას უწევდა შპს „ოპტიმალ გრუპ+“, ინფრასტრუქტურის სამსახურის ჯგუფის მიერ კონტროლდებოდა თუ რამდენად ხარისხიანად კონტროლდებოდა ეს სამუშაოები. ჩვენ არაჯეროვნად შესრულების გამო რამდენჯერმე დავაჯარიმეთ საზედამხედველო კომპანია, ეს აუდიტის ანგარიშშიც არის ნაჩვენები და 10 000 ლარამდე გადაიხადეს ბიუჯეტში და გამოასწორეს ეს ხარვეზები. არაჯეროვან შესრულებას არ ეხებოდა დასკვნა, ეს ეხებოდა ძირითადად 2018 წელს გაკეთებულ პროექტებს, სტადიონებს, სკვერებს, სადაც დაზიანდა სკამები მოსახლეობის მიერ. ანალოგიურად, 2-3 წლის შემდეგ სტადიონზე ცვეთა განიცადა ხალიჩამ, მოედანმა, რომელსაც ჭირდება მოვლა-პატრონობა. ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ გამოვყავით ჯგუფი, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით სამჯერ, ოთხჯერ შეასრულებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომლებიც დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს მიზეზი, რის გამოც დაზიანდა, არის მშენებლისგან გამოწვეული, ჩვენ შესაბამის რეაგირებას განვახორციელებთ“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხარვეზები გამოვლინდა მერიის მიერ გაფორმებული 22 ხელშეკრულების ფარგლებში, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იყო დადებული. დასკვნაში ასევე აღნიშნული იყო, რომ რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარებას. ხოლო მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების, მოვლა-პატრონობისა და საგარანტივო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო ინფრასტრუქტურული ობიექტები ნაწილობრივ დაზიანებულია და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.