სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სოფელ ცაიშის ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე მდებარე 20 094 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5 რეზერვუარის შენობა-ნაგებობები გასაყიდად გაიტანა.
ელექტრონული აუქციონის პირობებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში გამარჯვებულმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ქონების საწყისი ღირებულება 346 000 ლარია. აუქციონი 10 მაისს დაიწყო და 24 მაისს დასრულდება.
ცნობისთვის, ცაიშის კურორტმა განსაკუთრებული პოპულარობა 1956 წელს, ჰიპერთერმული (820C) წყლის აღმოჩენის შემდეგ მოიპოვა. სანატორიუმში მინერალური წყლის აბაზანებს სხვადასხვა მიმართულების სამკურნალო ჩვენებებით იყენებდნენ, მათ შორის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებების დროს.
დღეს ცხელი მინერალური წყლის ნაწილი მხოლოდ სათბურებისა და კერძო სახლების გასათბობად გამოიყენება, უმეტესი ნაწილი კი იღვრება.