მეუღლის ბინა თბილისში და ოთხი ბიზნესი – რა ქონებას ფლობს აბაშის მერი

635

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

გიგა გაბელაია აბაშის მერი “ქართული ოცნებიდან” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. საჯარო თანამდებობაზე აბაშის თვითმმართველობის ორგანოებში 2014 წლიდანაა დასაქმებული და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია შევსებულ აქვს ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, მათ შორის, ბოლო დეკლარაცია – 2021 წლის დეკემბერში, მერად არჩევის შემდეგ მალევე.

გიგა გაბელაიას ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. ბოლო დეკლარაციით, მის საკუთრებაშია მხოლოდ 2011 წელს 3000 აშშ დოლარად ნაყიდი 390 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყაზბეგის სოფელ სოკურიანში, რომლის 33%-ის მფლობელია თავად, დანარჩენი წილების მფლობელები არიან: დავით ჩიქოვანი და დიმიტრი ტორაძე.

ახლადარჩეული მერი, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებულია აბაშაში და წლებია, აბაშის თვითმმართველობაში მუშაობს, ამ მუნიციპალიტეტში არაფერს ფლობს და დეკლარაციით ისიც გაურკვეველია, ეს წლები რა მისამართზე ცხოვრობდა.

უძრავ ქონებას ფლობს მისი მეუღლე სალომე ჯვებენავა, რომელსაც ჯერ 2006 წელს, თბილისში ამაღლების ქუჩაზე მემკვიდრეობით მიუღია 6კვ.მ სარდაფი, 2019 წელს კი იმავე მისამართზე მემკვიდრეობით მიუღია 200,89 კვ.მ ბინა. 2006 წელს მემკვიდრეობით მიღებული ამ სარდაფის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ბოლო დეკლარაციაში ჩნდება.

ბოლო დეკლარაციისგან განსხვავებით, წინა რამდენიმე დეკლარაციაში გიგა გაბელაიას ქონება ბევრად მეტია. ის, ყაზბეგის მიწის ნაკვეთის გარდა, 100%-იანი წილით ფლობდა 63.90 კვ.მ ბინას თბილისში, სავანელის ქუჩაზე და იქვე 25% წილით – 84 კვ.მ მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთის მეწილეები ასევე იყვნენ: ნინო ბაქრაძე, ლეილა ფარნიძე და ეკატერინე ხმიადაშვილი. 2017 წლიდან, როცა დეკლარაციების შევსებისას მეტი დეტალის მითითება გახდა საჭირო, ვიგებთ, რომ თბილისში ბინა 25 000 აშშ დოლარად და მიწა 2 000 აშშ დოლარად 2012 წელს უყიდია. ხოლო 2019 წელს ეს ბინაც და მიწის ნაკვეთიც 39 000 აშშ დოლარად გაუყიდია.

პირველი დეკლარაციით ასევე ვიგებთ, რომ მეუღლის სახელზე სხვა ქონებაც იყო გაფორმებული. მეუღლე თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე 90 კვ.მ ბინას ფლობს. 2017 წლიდან ამ ბინაზე მითითებულია, რომ მეუღლეს ეს ბინა 1995 წელს ამხანაგობის ფორმით მიუღია და არაფერი აქვს გადახდილი. ამ ბინის შესახებ 2018 წლის დეკლარაციაში მითითებულია, რომ ის გიგა გაბელაიას საკუთრებაა, თუმცა, შემდეგ წლებში ქონება ისევ ცოლის საკუთრებადაა მითითებული. ბოლოს, 2021 წელს, ეს ბინა საერთოდ აღარ ფიქსირდება.

ბოლო, 2021 წლის დეკლარაციით, გიგა გაბელაიას 20 000 აშშ დოლარად გაუსხვისებია უძრავი ქონება; ასევე უძრავი ქონება 25 000 აშშ დოლარად გაუსხვისებია 2020 წლის დეკლარაციითაც, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ აქვს დაკონკრეტებული, თუ რა უძრავი ქონება გაყიდა.

2021 წლის დეკლარაციით, გიგა გაბელაიას არც სესხი აუღია, არც მანქანა ჰყავს. სესხისა და მოძრავი ქონების გრაფები ცარიელია, თუმცა, დეკლარაციის შევსების დღეს უწერია, რომ “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 5 237,53 ლარის დავალიანება აქვს. რომელ წელს აიღო ეს კრედიტი, რა რაოდენობით და რა ვადით, ეს გაურკვეველია.

აღსანიშნავია ის, რომ საკრედიტო დავალიანებზე ინფორმაციის გარკვევა ვერც 2020-2019 წლების დეკლარაციებიდანაა შესაძლებელი, რადგან დეკლარაციებში მხოლოდ შევსების დღეს საბანკო ანგარიშზე არსებული საკრედიტო დავალიანებაა მითითებული. 2018 წლის დეკლარაციით კი ვიგებთ, რომ რომ გაბელაიამ “საქართველოს ბანკიდან” 15 000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი აიღო, რომელიც 2021 წელს უნდა დაფაროს და მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რომ ამ ვალის მითითება გამორჩა მას მომდევნო წლებში.

გარდა საკრედიტო დავალიანებისა, გაბელაიას, 2021 წელს, დეკლარაციის შევსების დღეს, “ვი-თი-ბი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 636,4 ლარი ედო, ხოლო “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 970,45 ლარი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, გიგა გაბელაიას 2019 წელს ლიზინგით (განვადებით) უყიდია ავტომანქანა, რომლის მარკა მითითებული არ არის. განვადებით მისი ფასია 135 170 ლარი, საიდანაც 27 034 ლარი იმავე წელს გადაუხდია, ხოლო მთლიანი თანხის დაფარვის დროდ მითითებულია 2024 წელი. მიუხედავად ამისა, 2021 წლის დეკლარაციაში არც ლიზინგზე წერია რამე და არც ავტომანქანის ფლობაზე. სად გაქრა ან ვალი, ან ავტომანქანა, გაურკვეველია.

აბაშის მოქმედი მერი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის თანახმად, გიგა გაბელაია წილებს ფლობს 3 სხვადასხვა შპს-ში, მეოთხე შპს-ში კი დამფუძნებელი და დირექტორია. ყველა შპს-ს უწერია, რომ არ ფუნქციონირებს და არც ერთი ამ კომპანიიდან 2020 წელს შემოსავალი არ მიუღია. თუმცა, ბიზნესის რეესტრში ყველა ჩამოთვლილი ბიზნესი მოქმედია და გიგა გაბელაიას წილები დღესაც ყველგან აქვს. თანაც, ორ შპს-ში დირექტორის თანამდებობას იკავებს.

უფრო კონკრეტულად: 51%-იანი წილს ფლობს 2019 წელს თბილისში დარეგისტრირებულ შპს “რობუსტაში”, მეორე, 49%-იანი წილის მფლობელად წერია გია თელია; დეკლარაციაში წერია, რომ შპს არ ფუნქციონირებს, თუმცა, ბიზნესის რეესტრში ეს ბიზნესი მოქმედია და გაბელაია მეწილეცაა და დირექტორიც.

2011 წლამდე იყო 25%-იანი წილის მფლობელი 2007 წელს თბილისში დარეგისტრირებულ იურიდიული ფირმის, რომლის სახელწოდებაა შპს “თბილისის სამედიატორო სასამართლო-მუდმივმოქმედი არბიტრაჟი მეტეხი”. ამავე შპს-ს წილის მფლობელები არიან დავითი ჩიქოვანი და დიმიტრი ტორაძე, თუმცა, რამდენპოცენტიან წილებს ფლობენ, ეს აღნიშნული არ არის.

ასევე, 50%-იან წილს ფლობს 2009 წელს ქუთაისში დარეგისტრირებულ შპს “ადვოქარდში”, წილის მეორე ნახევრის მფლობელია დიმიტრი ტორაძე. ამაზეც რეესტრში წერია, რომ შპს მოქმედია.

და ბოლოს, ასევე 2009 წელს აქვს დაფუძნებული კომანდიტური საზოგადოება კს გიგა გაბელაია და პარტნიორები, სადაც წილს არ ფლობს. მეწილედ აღნიშნულია დავით ჩიქოვანი. ბიზნეს რეესტრში გაბელაია ასევე დირექტორადაა მითითებული.

2014 წლიდან 2021 წლამდე დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, გიგა გაბელაიას სხვა ბიზნესიც ჰქონია. მაგალითად, 2014-2015 წლების დეკლარაციებში 3 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. ერთია 2013 წელს დაფუძნებული შპს “უნივერსი ფოსტა”. 2016 წლის დეკლარაციით, გაბელაიას ამ შპს-დან წილი გაუყიდია და 20 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიუღია.

2014 წლიდან მოყოლებული გაბელაიას არც ერთი შპს-დან შემოსავალი არ მიღია. შემოსავალი მას მხოლოდ საჯარო თანამდებობებიდან აქვს მიღებული.

სსიპ “იურიდიული დახმარების სამსახურის” რეგიონული მენეჯერის თანამდებობიდან 2020 წლის განმავლობაში 24 120 ლარი აქვს მიღებული, ხოლო მის მეუღლეს თბილისის საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის პოზიციიდან 10 560 ლარი მიუღია.

რაც შეეხება წინა წლებს, გაბელაია 2014 წელს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობიდან 2014-2015 წლებში ჯამში 18 000 ლარი აქვს მიღებული. 2015 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ის უკვე სსიპ “ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” უფროსია. ამ თანამდებობიდან მას ჯამში 143 230 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

უფრო კონკრეტულად: გიგა გაბელაია სსიპ “ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” უფროსის თანამდებობიდან, 2019 წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე, 17 668,44 ლარის ანაზღაურება მიუღია; 2018 წელს – 34 290 ლარი; 2017 წელს – 31 430 ლარი; 2016 წელს – 40 445,78 ლარი, 2015 წლის მეორე ნახევარში – 19 397 ლარი. 2015 წლის პირველ ნახევარში, როცა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა, 8 413 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. 2014 წელს ამავე პოზიციიდან მას 5200 ლარი მიუღია.

2018 წელს გიგა გაბელაიას ხელფასის სახით ასევე მიუღია 13 000 ლარი, 2017 წელს – 5000 ლარი; 2016 წელს – 500 ლარი. რა პოზიციიდან მიიღო ეს ხელფასი, არც ერთ მათგანზე დაკონკრეტებული არ არის.

2021 წლის დეკლარაციით, გაბელიას არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ასახულიყო.