რუსთავში ისტორიული მნიშვნელობის შენობების – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მიმდინარეობს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროექტი შენობის შიდა ინტერიერისა და ფასადის განახლებას, განათების, ვენტილაციისა და ცენტრალური გათბობის ქსელის მონტაჟს ითვალისწინებს. მოწესრიგდება შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები და ღია კაფეც მოეწყობა. მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლე, რეაბილიტაციის შემდეგ, არაფორმალური განათლების ცენტრის დატვირთვას დაიბრუნებს. რუსთაველი ბავშვები, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ახალი უნარ-ჩვევების შეძენას სრულად რეაბილიტირებული შენობაში შეძლებენ.
მატივე ცნობით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ პირველ საბავშვო ბაღს, სადაც სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, ორივე ფლიგელისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, შიდა სარემონტო სამუშაოები, შენობის გამაგრება-რესტავრაცია იგეგმება. გათბობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემაც დამონტაჟდება. კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები, ფანჩატურები და საბავშვო კომბინირებული ატრაქციონები მოეწყობა.
ორივე პროექტის საერთო ღირებულება 3 024 879 ლარია.
„რუსთავში ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ორი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განახლებული სერვისებით დაუბრუნდება. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება #1 საბავშვო ბაღის ორივე ფლიგელს, სადაც ეზოც კეთილმოეწყობა. ჯამში, ჩვენ ამ ორივე პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტს დავხარჯავთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ზურაბ ტაბაღუას განცხადებით, ორივე ისტორიული შენობის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან იყო.
„საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხშირად ვხვდებით და ორივე პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მოსახლეობის მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უფრო მრავალფუნქციური გამხდარიყო, ასევე, რეაბილიტაცია ჩატარებოდა #1 ბაღს“, – განაცხადა ზურაბ ტაბაღუამ.