ბორჯომში, ე.წ. ახალი უბნის ქალაქთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. სამანქანო გზის ნაწილზე, რომელიც მდინარე მტკვარს ესაზღვრება, გაჩენილი ნაპრალები ყოველ წუთს იზრდება. ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, მეწყერსაშიში ვითარება მტკვრის დონის მატებამ გამოიწვია, წყალმა საყრდენ კედლს საძირკველი გამოურეცხა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ეს ყოველივე მტკვრის ადიდებამ გამოიწვია და არსებულ საყრდენ კედელს გამოერეცხა საძირკველი და მოხდა კედლის დაწევა. ამჟამად გზის გადაკეტვის საჭიროება არ არის, რადგან მოხდა კედლის დაწევა და არა გადაბრუნება. არის გზის საკმაო მონაკვეთი, რომელიც გუშინ გავაფართოვეთ, შემოვსაზღვრეთ ის ტერიტორია რაც სახიფათოა, ხვალ უკვე ხეებსაც გადავჭრით და გავათავისუფლებთ, რომ მეტი დაწოლა არ ჰქონდეს ტერიტორიაზე და არ დააჩქაროს პროცესები სიმძიმემ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევაკავოთ პროცესი მანამ, სანამ მტკვრის დონე დაიწევს“,–აცხადებს “სამხრეთის კარიბჭესთან” ოთარ არბოლიშვილი.
მესივე განცხადებით, საშიშ ტერიტორიას გეოლოგიური კვლევა ჩაუტარდება და შეიქმნება რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი, თუმცა აღნიშნულ სამუშაოებს მტკვრის დონე აფერხებს.
„კომისია ჩართულია და სწავლობს. ზემდგომი ხელმძღვანელობა ჩაყენებული გვყავს საქმის კურსში. სანამ მტკვრის დონე არ დაიწევს, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ვერ განხორციელდება. ტენდერი გვაქვს ჩატარებული და ხელშეკრულება გაფორმებული საპროექტოსთან, რომელიც ჩაერთვება პროცესში. ყველაზე კარგი შედეგი რომ მივიღოთ, საჭიროა რომ წყლის დონემ დაიწიოს, რომ დავინახოთ რეალურად რა სიტუაციაა“,–ამბობს ბორჯომის მერი.
საკითხზე თავდაპირველი ინფორმაცია ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა. ადგილობრივები მათთან ამბობენ, რომ მთლიანი გზის ჩანგრევის საშიშროება დგას და არსებობს რისკი, რომ მოსახლეობა სამანქანო გზის გარეშე დარჩეს.