აშენებიდან 2 წელში ჩამონგრეული ფოთის თეატრის რეაბილიტაციის საშველი ჯერ ისევ არ ჩანს

1391

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ფოთის დრამატული თეატრის ავარიული შენობის ბედი ისევ დრამატულად გრძელდება. შენობა, რომელიც 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა ზარ-ზეიმით გახსნა, პირველად სულ რაღაც 2 წელიწადში ჩამოინგრა და ადამიანიც ემსხვერპლა, მეორედ – 2018 წელს დაზიანდა, ამჯერად ჭერის ჩამოვარდნა უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა, შენობა უკვე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით გამოცხადდა სიცოცხლისთვის საშიშად და მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თეატრის დასი ფოთის მერიასა და კულტურის სამინისტროს დროდადრო ახსენებს, რომ შენობა სარეაბილიტაციოა, საშველი ჯერ ისევ არ ჩანს.

მთავარ შეკითხვაზე, ბოლოს და ბოლოს, როდის ჩაუტარდება შენობას სრულფასოვანი რეაბილიტაცია, ფოთის მერიას კონკრეტული პასუხი არ აქვს და ისევ დაპირებების დონეზე აცხადებს, რომ “ამჟამად თეატრის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს”, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა სამუშაოებია ჩასატარებელი და შემდეგ უნდა გამოცხადდეს რეაბილიტაციის ჩასატარებელი ტენდერი.

ტენდერის გამოცხადების დაპირება რამდენიმე კვირის წინ ფოთის დრამატული თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამაც მიიღო. როგორც droa.ge-სთან აცხადებს, ყოველ დღე ელოდება შეთანხმებას:”ჩვენ დიდი ხანია, ვუყურებთ და ველოდებით მშვიდად. ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში”.

ხუხიას თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა შედგა კულტურის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებს შორის და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, რომელი უწყების დაკვეთით უნდა გამოცხადდეს ტენდერი – კულტურის სამინისტროსი, თუ ისევ თვითმმართველობის მიერ.

თეატრის შენობა მერიის ბალანსზეა, ის მერიის დაკვეთით აშენდა და შემდეგ – ერთხელ რეაბილიტირდა კიდეც, თუმცა, ორივე შემთხვევაში, შედეგად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები მივიღეთ და როგორც ჩანს, ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, ენდობა თუ არა სამინისტრო თვითმმართველობას, რომ მეორე რეაბილიტაციის შემდეგ მაინც მოხდება უსაფრთხო და ხარისხიანი შენობის ჩაბარება.

ფოთის დრამატული თეატრის დაუმთავრებელი დრამა 2014 წლიდან იწყება. თეატრის განახლებული შენობა 2014 წლის 31 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფოთის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, ეკა ბესელიასთან ერთად გახსნა.

შენობას, რომლის მშენებლობაზე ფოთის მერიამ 10 მილიონი ლარი დახარჯა, პრობლემები გახსნიდან მალევე დაეწყო: ჯერ წვიმისას დაიტბორა, შემდეგ კედლები ჩამოცვივდა, 2016 წელს ლიფტიც ჩავარდა და მემანქანე სასიკვდილოდ დაზიანდა, უკვე 2018 წლის თებერვალში კი, ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, ამჯერად – ღამით, ისე, რომ შენობაში არავინ იყო და ამიტომაც არავინ დაშავებულა. სწორედ ჭერის ჩამონგრევა იყო ბოლო წვეთი, როცა დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა შენობაში რეპეტიციები გაურკვეველი ვადით შეაჩერა.

ამავე წლის მაისში მერიამ თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა, რომელიც პირველ ჯერზე ჩაიშალა. როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

იმავე წლის სექტემბერში შენობის მძიმე ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნაც გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცვლელია და მისი სრული რეაბილიტაციაა საჭირო.

ამ დასკვნიდან უკვე 4 წელი გავიდა, თუმცა, შენობა ისევ ავარიულია და ხშირი დაპირებების მიუხედავად, ჯერ ისევ გაურკვეველია, ბოლოს და ბოლოს, როდის დაიწყება სიცოცხლისთვის საშიში შენობის უსაფრთხოდ რეაბილიტაცია.

ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის დრამატული თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია აცხადებს, რომ თეატრის დასიც და მაყურებელიც წლებია ელოდებიან თეატრის შენობის რეაბილიტაციას და “ამდენი წელია არ დაადგა საშველი”.

“უკმაყოფილო მხოლოდ დასი არ არის, უმთავრესია ასევე მაყურებელი, რომელიც წლებია, ელოდება თეატრის შენობის რეაბილიტაციას და ამდენი წელია არ დაადგა საშველი… შეხვედრები იყო მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ითქვა, რომ სულ მალე გამოცხადდება პროექტირების ტენდერი, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს და შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების ჩატარებაზე… ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი დროც, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ვუყურებთ და ველოდებით მშვიდად. ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში”,- აღნიშნავს თეატრის დირექტორი.

მანამდე კი, მისივე თქმით, ფოთის კულტურის სახლს აფარებენ თავს, სადაც სცენა მცირეა და პირობების უქონლობის გამო, წლებია, დასმა დიდი სპექტაკლის დადგმა ვერ შეძლო.

“სანამ თეატრის შენობის რეაბილიტაცია არ მოხდება, კულტურის სახლში ვაფარებთ თავს. ამ შენობაში, პრინციპში, უკვე 9 წელი მოგვიწია ყოფნა: ჯერ – სანამ გადავიდოდით ახალაშენებულ შენობაში, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შენობა უხარისხოდ ყოფილა აშენებული, რამაც მალე იჩინა თავი”,- ამბობს თენგიზ ხუხია.

უხარისხოდ აშენებული და შემდეგ ორჯერ ჩამონგრეული შენობის ამბავი ფოთის მერიაში მოვიკითხეთ. 2 კვირაზე მეტი დასჭირდა ფოთის მერიას, მოეძიებინა თეატრის შესახებ ინფორმაციები, თუ რომელმა კომპანიამ ააშენა, რა ფასად, შეამოწმა თუ არა შენობის ხარისხი, შემდეგ რეაბილიტაცია როდის ჩაუტარდა და ამის მერე მაინც თუ შემოწმდა ხარისხი და ბოლოს, როდის დაიწყება ხელახალი რეაბილიტაცია. 2 კვირის შემდეგ კი მხოლოდ 2-აბზაციანი პასუხი მივიღეთ, ისიც ძალიან ზოგადი.

საპასუხო წერილში წერია, რომ შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა დაახლოებით 9 876 935,25 ლარი. მერიაში 2 კვირა ისიც ვერ გაარკვიეს, ზუსტად რა თანხა დაიხარჯა შენობის ჯერ აშენებაში და შემდეგ – რეაბილიტაციაში. მერიამ ჯერ არც ის იცის, როდის გეგმავს ტენდერის გამოცხადებას თემაზე, თუ რა სახის რეაბილიტაცია სჭირდება შენობას.

ფოთის მერიაში „ცისფერი მთების“ დაუჯერებელი ამბავი ტრიალებს – აქტიური არაფრის კეთება და დაპირებები და როგორც ჩანს, თეატრის დასსა და მაყურებელს კიდევ დიდი ხნის ლოდინი და მოთმინება დასჭირდება, სანამ მერია რამეს გადაწყვეტს. ხოლო მომავალში მაინც რამდენად ხარისხიანი სამუშაოები შესრულდება, ეს კიდევ ცალკე განსახილველი იქნება.

“ქალაქ ფოთის ვ. გუნიას სახელობის დრამატული თეატრის შენობის მშენებლობა დაიწყო 2005 წელს და დასრულდა 2014 წელს. თეატრის მშენებლობის სამუშაოები შეასრულა შპს “კუნძულმა”, ხოლო სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს “იმედმა”. მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა დაახლოებით 9 876 935,25 ლარი. შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება.

ამჟამად მიმდინარეობს ფოთის დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. პირველ ეტაპზე განხორციელდება კონსტრუქციული, საინჟინრო და ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო კვლევების ჩატარება, რათა საექსპერტო დასკვნებში ასახული პრობლემები და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნეს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში”, – წერია ფოთის მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

მერიისგან განსხვავებით, შენობის დრამატულ ისტორიას თეატრის დირექტორი ყვება.

თენგიზ ხუხია: „2014 წელს გაიხსნა ეს შენობა და დროთა განმავლობაში დაიწყო წყლის გაჟონვა კედლებიდან, სახურავიდან; შემდეგ ლიფტი ჩამოვარდა, რომელსაც ჩვენი თანამშრომელი ემსხვერპლა; ოპერაცია ჩაუტარდა, შემდგომი რეაბილიტაცია გაიარა, თუმცა, ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა; შემდეგ იყო ჭერის ჩამოვარდნა და უკვე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც დაიდო, სადაც ეწერა, რომ შემდგომი რეაბილიტაციის გარეშე შენობის ექსპლუატაცია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელია, რის შემდეგაც ჩვენ იქ გავაჩერეთ აბსოლუტურად ყველა სპექტაკლის ჩვენება, ყველა რეპეტიციის ჩატარება, რადგან ოფიციალურად, დოკუმენტურად გვქონდა დადასტურებული, რომ იქ ყოფნა შეუძლებელი იყო. ეს ხდება 2018 წელს. ამის შემდეგ ერთი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარდა, თუმცა, ამ სამუშაოებმა ვერ გამოიღო შესაბამისი შედეგი და ახლა ისევ ხელახლა არის გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს შენობის, როგორც შიგნიდან, ისე გარედან სრულ რეაბილიტაციას.

თეატრები კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სსიპ-ებია, შენობების ნაწილი კი ადგილობრივი თვითმმართველობებისაა, ნაწილი – ქონების მართვის სამინისტროსი. ფოთის თეატრის შენობა მუნიციპალურია. ის აშენდა ფოთის მერიის დაკვეთით, შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ფოთის მერიის დაკვეთით ჩატარდა. რეაბილიტაცია ჩატარდა 2018 წლის შემდეგ. პანდემიის პერიოდი დაემთხვა, თუმცა, ფაქტია, რომ იმ შენობაში თეატრი მაინც ვერ ფუნქციონირებს.

კულტურის სახლი, სადაც ახლა სპექტაკლებს ვდგამთ, არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და აქ ფიზიკურად შეუძლებელია რაიმე მიემატოს, რომ თეატრმა სრულყოფილად შეძლოს ფუნქციონირება. ეს შენობა არის ერთ-ერთი პირველი შენობა ფოთში და მისი ხელის ხლება დაუშვებელია”.

თეატრის დირექტორის განცხადებით, ამ რამდენიმეწლიან ლოდინში ყოფილა დასის პროტესტიც, თუმცა, მაინც “როგორც შეუძლიათ ისე, მოთმინებით” ელოდებიან რეაბილიტაციას.

“პროტესტი არ ნიშნავს, რომ არ ვთამაშობთ, არ ვითამაშებთ და ა.შ. სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში ვმართავთ, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ. გასტროლები აპრობირებული მეთოდია, თუმცა, ეს წლებია მხოლოდ იმ სპექტაკლებს ვთამაშობთ, რომლის რეპეტიციისა და თამაშის საშუალებაც არის პატარა სივრცეში.

დასს, რომელიც შეჩვეულია დიდ სივრცეში სპექტაკლების კეთებას, შესაბამისი პირობები, შესაბამისი სივრცე კულტურის სახლში არ გვაქვს.

გარდა ამისა, ფოთი არის მასპინძელი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, რომელიც წლებია, ტარდება და ჩვენ, იქედან გამომდინარე, რომ შენობის პრობლემა შეგვექმნა, მოგვიწია სხვადასხვა ქალაქში ამ ფესტივალის ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და ველოდებით ყოველ დღე, ყოველ წუთს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ამ პრობლემის მოსაგვარებლად”,- ამბობს ხუხია.

ფოთის თეატრის დასს ამდენწლიანი დევნილობისა თუ მომთაბარეობის განმავლობაში ახლა კიდევ ერთი პრობლემა შეემატა – სენაკის თეატრი, სადაც ფოთის დასი ხშირად მართავდა სპექტაკლებს, ახლა უკვე დაკავებულია და ფოთის თეატრს სხვა ქალაქების ძებნა უწევს.

“სენაკში ჩვენ რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშეთ, აქვს არაჩვეულებრივი სცენა და შესანიშნავი დასი, რომელიც ახლა მუშაობს ახალ სპექტაკლზე, შესაბამისად, ჩვენ, ძალიანაც რომ გვჭირდებოდეს ჩასვლა, სანამ პრემიერას არ გამოუშვებს, ჩვენი გასტროლით მათ ხელს ვერ შევუშლით”, – დასძენს ხუხია.

ფოთის თეატრს 140 წლის ისტორია აქვს. ამ ქალაქში ქართული თეატრის ფარდა პირველად 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და დღეს, 140 წლის შემდეგ, მსახიობთა დასი შენობის გარეშეა დარჩენილი. თეატრის მომთაბარე ცხოვრება 2005 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც ძველი შენობა საპატრიარქოს საკათედრო ტაძრის აღსადგენად გადაეცა. ამის შემდეგ თეატრს კულტურის სახლში გადასვლა მოუწია და დაპირება მიიღო, რომ ახალ შენობას მალე მიიღებდა. თუმცა, 2014 წელს პომპეზურად გახსნილი შენობა იმდენად უხარისხო აღმოჩნდა, რომ თეატრი დღესაც კულტურის სახლს არის შეფარებული და წლიდან წლამდე დაპირებებს ისმენს, რომ კარგად რეაბილიტირებულ შენობას მალე მიიღებენ.