შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე საუბრისას ჟურნალისტებს სთხოვა, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და ფაქტი პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილონ.
“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ინფორმაციას ყოველწუთიერად იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც დაჭრილები მარნეულის კლინიკაში მოინახულა. მისი ინფორმაციით, ორი პირს ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი სამი პირი მსუბუქადაა დაშავებული. „ორი ოპერაცია ახლა დასრულდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის – საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი ორი პირის მდგომარეობას, ვინც ამ კლინიკაში არიან, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. სულ ხუთი ადამიანია დაშავებული. მეხუთე პირი სხვა კლინიკაშია. მათ შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ. ორ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა. ამ ეტაპზე არ იგეგმება თბილისში მათი გადაყვანა, რადგან ტრანსპორტირების შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა მოხდა “ქართული ოცნების” შტაბთან, რა დროსაც 4 ადამიანი დაიჭრა. მათ შორის, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი. ინციდენტი 19 ოქტომბერს 23 საათზე მოხდა. რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ორ მათგანს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია უტარდებათ, ხოლო ერთი დაშავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ფაქტთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.