თხილის რეალიზაციიდან მიღებული 65 000 ლარი და დედის მიერ მემკვიდრეობით მიღებული 20 000 დოლარი – წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის დეკლარაცია

742

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

გიორგი (გია) ხარჩილავა “ნაციონალური მოძრაობიდან” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

ხარჩილავას ქონებრივი დეკლარაცია 10-ჯერ აქვს შევსებული, თუმცა, მათგან მხოლოდ ის 5 დეკლარაცია იხსნება, რომელიც 2008 წლიდანაა შევსებული. 1999-2003 წლებში შევსებული 5 დეკლარაცია კი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდიდან წაშლილია.

ბოლო დეკლარაცია ხარჩილავამ 2022 წლის იანვარში შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, ოპოზიციონერი მერი მეუღლესთან, დედასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მის საკუთრებაშია 2 ბინა და ავტოფარეხი თბილისში, ორი მიწის ნაკვეთი და 2 სახლი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საიდანაც ერთი მემკვიდრეობით მიღებული ქონებაა და ოჯახის შვიდ წევრზე თანაბარი წილითაა გაფორმებული. გარდა ამისა, ერთი უძრავი ქონება დედის სახელზეა გაფორმებული.

უფრო დეტალურად: 2012 წელს 15 000 ლარად ნაყიდი აქვს 26,34 კვ.მ ფართის ბინა და 5000 ლარად – ავტოფარეხი, თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. 2019 წელს კი, ამავე მისამართზე 84 000 ლარად უყიდია 133,77 კვ.მ ბინა;

2000 წელს ხარჩილავას 2000 ლარად აქვს ნაყიდი 1100 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი წალენჯიხის სოფელ ჯგალში; 2019 წელს მისთვის უჩუქებიათ 28 689 კვ.მ მიწის ნაკვეთი წალენჯიხის სოფელ საჩინოში, თუმცა, ვისგან მიიღო ეს საჩუქარი, აღნიშნული არ არის; 2021 წელს ნაყიდი აქვს 63082 კვ.მ მიწის ნაკვეთი წალენჯიხაში, მაგრამ რა ფასად, მითითებული არ არის;

ხარჩილავა წალენჯიხაში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე 14,28%-იანი წილით ასევე ფლობს 2009 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 1078 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ეზოს და სახლს. დანარჩენი 6 წილის მფლობელები მისი ოჯახის წევრები არიან.

ამასთან, დედის საკუთრებაშია 1284 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი წალენჯიხაში, რომელიც 2011 წელს 30 000 ლარადაა ნაყიდი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მერის საკუთრებაშია 2009 წელს გამოშვებული ავტომანქანა “JEEP GRAND CHEROKEE”, რომელიც 2019 წელს 7 500 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

მეუღლეს, ირმა სორდიას, ჰყავს ნაჩუქარი ავტომანქანა “KIA SPORTAGE”,  რომელიც 2011 წელსაა გამოშვებული. ვისგან მიიღო ეს საჩუქარი, არ წერია. ასევე, ჰყავს 2020 წელს 22 842,57 ლარად ლიზინგით შეძენილი ავტომანქანა “MAZDA”. ამ ლიზინგის (განვადების) საფასური 2024 წლის ივლისში უნდა დაფაროს.

გია ხარჩილავა მერად არჩევამდესამეწარმეო საქმიანობას აქტიურად ეწეოდა.

პირველი შპს – “კოლხი” – 2010 წელს წალენჯიხაში აქვს დარეგისტრირებული. ამ კომპანიაში ის 100%-იან წილს ფლობს და მერად არჩევამდე შპს-ის დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. იქვე აღნიშნული აქვს, რომ შპს-დან შემოსავალი გასულ წელს არ მიუღია. თუმცა, ქვედა გრაფაში, სადაც გასული წლის შემოსავლები აქვს აღნიშნული, უწერია, რომ გასული წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში ამ შპს-ის დირექტორის პოზიციიდან 5 400 ლარი მიუღია.

2013 წლიდან უვადოდ 48%-იანი წილის მფლობელია თბილისში დარეგისტირებული შპს-ში “G.K.I. COMPANY საქართველო”. კომპანიის მეწილეები ასევე არიან კობა ლატარია და იოსებ ხარჩილავა. დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ხარჩილავას გასულ წელს არც ამ შპს-დან მიუღია შემოსავალი.

წალენჯიხის მერი 2017 წლიდან კიდევ ერთი კომპანიის – შპს “ლეგასის” 47%-იანი წილის მფლობელიცაა. მასთან ერთად, ამ კომპანიის მეწილეები ლევან მესხია და მერაბ კუკავა არიან.

2019 წლიდან 2021 წლის ნოემბრის ბოლომდე ხარჩილავა ინდმეწარმედაც იყო დარეგისტრირებული.

დეკლარაციის თანახმად, გია ხარჩილავას შემოსავალმა წალენჯიხის მერის პოზიციაზე 2021 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 2 739 ლარი შეადგინა, ასევე, 18 ნოემბრამდე შპს “კოლხი-2010”-ის დირექტორობიდან მიღებული აქვს 5 400 ლარი და ამასთან, თხილის რეალიზაციიდან მიუღია 65 000 ლარის შემოსავალი.

დეკლარაციის შევსების დღეს გიორგი ხარჩილავას 107 940,27 ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს “კრედო ბანკის” ანგარიშზე. ამავე ბანკის ანგარიშზე 6064,48 ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს მეუღლეს, ხოლო 1280,46 ლარის სამომხმარებლო სესხი აქვს შვილს. მუღლეს ასევე “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე აქვს 15 338, 47 ლარის სალიზინგო დავალიანება. როგორც ირკვევა, ავტომანქანის საყიდლად ლიზინგით (განვადება) აღებული თანხა მან 2024 წლის ივლისში უნდა დაფაროს და გასულ წელს განვადების დასაფარავად 7397,52 ლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გიორგი ხარჩილავას გამოტანილი აქვს 60 000 ლარის სესხი, თუმცა, დეკლარაციაში მითითებული არ არის, რომელი ბანკიდანაა ეს სესხი აღებული, რომელ წლამდეა აქვს დასაფარი და დაფარა თუ არა დღემდე რამე). მას, ასევე, აქვს 4500 ლარის დანაზოგი, ხოლო დედას ჰქონია 20 000 აშშ დოლარი, რომელზეც მითითებულია, რომ ეს ფული მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა, არ წერია, ვისგან.

რაც შეეხება წინა წლების დეკლარაციებს, 2010-2021 წლებში ხარჩილავა თანამდებობის პირი არ იყო, შესაბამისად, არც დეკლარაციების შევსება ევალებოდა.

2008-2009 წლების დეკლარაცია ხელითაა შევსებული, ამ პერიოდში გიორგი ხარჩილავა  ჯერ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, შემდეგ კი – თავმჯდომარე. ამ წლების დეკლარაციაში თითქმის არაფერია აღნიშნული, (როგორც წესი, ამ წლებში ოფიციალური მოთხოვნაც არ ყოფილა დეკლარაციაში უფრო მეტი ინფორმაცია ჩაწერილიყო). ამიტომაც, ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ მამის სახელზე გაფორმებული იყო წალენჯიხაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული სახლი და ეზო, ფასი მითითებულია – 65 000 ლარი, ხოლო მეუღლის სახელზე გაფორმებული იყო თბილისში, დიდ დიღომში არსებული ბინა, რომლის ფასად 70 000 ლარია მითითებული, თუმცა, ბინის ფართობი მითითებული არ არის.

ასევე 2008 წელს გიორგი ხარჩილავას ჰყავდა ავტომობილი BMW, რომელზეც 2009 წლის დეკლარაციაში უწერია, რომ  6000 აშშ დოლარად გაყიდა და მის ნაცვლად 8000 აშშ დოლარად 1996 წელს გამოშვებული ისევ BMW-ის მარკის ავტომობილი იყიდა.

ამასთან, 2008 წლის დეკლარაციაში მითითებულია, რომ ხარჩილავას დედა ფლობდა საოჯახო ბიბლიოთეკას, რომლის ღირებულებაც 12 000 ლარია.

2010 წელს ორი თვის შუალედით ხარჩილავას 2 დეკლარაცია აქვს შევსებული – ერთი საკრებულოს თავმჯდომარის, მეორე კი – ყოფილი თავმჯდომარის რანგში.

2010 წლის დეკლარაციაში ქონების შესახებ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ჩნდება. მაგალითად, მამის, გივი ხარჩილავას, სახელზე გაფორმებულ საცხოვრებელ სახლსა და ეზოზე წერია, რომ 700 კვ.მ-ია. ხოლო ცოლის სახელზე გაფორმებულ თბილისის ბინაზე წერია, რომ 75 კვ.მ-ია.

ამ წელს პირველად ჩნდება სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციაც. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ხარჩილავას მამა 2007 წლის ივლისიდან 2007 წლის ბოლომდე  შპს “ქველი – XXI”-ის მეწილე იყო. ცოტა უცნაურია ის, რომ 2010 წლის დეკლარაციაში იმ ბიზნესსაქმიანობაზე ინფორმაციაა შეტანილი, რომელშიც ხარჩილავას მამა მხოლოდ 2007 წლის განმავლობაშია ჩართული და ლოგიკურად, 2009 წელს შემოსავალსაც ვერ მიიღებდა.