წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ცოლის მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებას ფლობს

610

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

კორნელი სალია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე 2022 წლის 20 იანვრიდანაა. ის გიორგი გახარიას პარტიის – “საქართველოსთვის” წევრია და საკრებულოს თავმჯდომარედ რამდენიმეკვირიანი მცდელობის შემდეგ აირჩიეს. წალენჯიხა, ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის რიგებიდან არიან.

კორნელი სალიას სულ 4 დეკლარაცია აქვს შევსებული, მათ შორის, 3 დეკლარაცია 2002-2003-2004 წლებშია შევსებული შს სამინისტროში სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ხოლო, ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია – 2022 წლის თებერვალში.

სალია, საკრებულოში დეპუტატად არჩევამდე, ისევ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა, ამჯერად თანამდებობა არ ეკავა.

ყოფილ ძალოვანს ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე, თამარ ოსიაშვილი, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში 100%-იანი წილით 2 მიწის ნაკვეთი აქვს, 3 მიწის ნაკვეთს კი ცოლ-ქმარი 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით ფლობს.

უფრო დეტალურად: ოსიაშვილს 1999 წელს სოფელ ჭიკაანში მემკვიდრეობით მიღებული აქვს სამი მიწის ნაკვეთი, 1811 კვ.მ, 2057 კვ.მ და 2616 კვ.მ ფართობის ნაკვეთები, სადაც 50%-ს ფლობს თამარ ოსიაშვილი, მეორე 50%-ს კი – წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე.

ასევე, ოსიაშვილის საკუთრებაშია 2017 წელს მემკვიდრეობით მიღებული 1158 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ამავე წელს აღიარების კომისიის მიერ აღიარებული 1686 კვ.მ მიწა.

წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის ქონება მხოლოდ ცოლის მიერ მეკვიდრეობით მიღებული ნაკვეთებია. ის და მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ ჰყავთ ავტომანქანა, არ არიან ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში და წლის განმავლობაში არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს.

დეკლარაციის შევსების დღეს კორნელი სალიას “ვი-თი-ბი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 115,02 ლარი ერიცხებოდა, “ლიბერთი ბანკის” საპენსიო ანგარიშზე კი – 96 თეთრი.

თამარ ოსიაშვილს 2021 წლის განმავლობაში შს სამინისტროს სასაზღვრო სამმართველოს
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიციაზე 17 164 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

კორნელი სალიას 2021 წლის განმავლობაში შპს “მაგისტრის” აღმასრულებელი მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე მიღებული აქვს 22 000 ლარის ანაზღაურება. იქვე მითითებულია ის, რომ შპს-მ, ანაზღაურებადი თანხის გარდა, შეცდომით ჩარიცხა 14000 ლარი, რაც სალიამ კომპანიას უკან დაუბრუნა.

კორნელი სალიას 2021 წელს, სახელმწიფო პენსიის სახით, 6 600 ლარი აქვს მიღებული, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია “წალენჯიხა საქართველოსთვის”
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, 2021 წლის 12 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 876 ლარი მიუღია.

მიწების საკუთრების გარდა, კორნელი სალია, აღნაგობის ხელშეკრულებით, 2005 წლიდან ფლობს სავაჭრო ნაკვეთს. ნაკვეთზე თანხა 2005 წელსაა გადახდილი და ხელშეკრულების ვადა 2065 წლამდეა. მესაკუთრე კი შპს “შაკოა”. დეკლარაციაში წერია, რომ მშენებლობა დასრულებულია, თუმცა, სავაჭრო ობიექტი არ ფუნქციონირებს და სალიას 2021 წელს ამ სავაჭრო ფართიდან შემოსავალი არ მიუღია.

გარდა ამისა, 2017 წელს სალიას მეუღლეს 58 000 აშშ დოლარად ნაყიდი აქვს მშენებარე ბინა და ავტოსადგომი. შენიშვნის სახით მითითებულია, რომ დარღვეულია ხელშეკრულების პირობები და დღემდე დაუსრულებელია მშენებლობა, ხოლო ის, თუ საერთოდ რომელ ქალაქში მდებარეობს ეს შენობა, ამის შესახებ არაფერი წერია.

სალიას პირველ დეკლარაციაში, რომელიც 2002 წელს არის შევსებული, ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: მეუღლე, დედა, მამა და 2 შვილი. ამ დეკლარაციით კორნელი სალია ფლობს ბინას თბილისში, რომლის ღირებულებად მითითებულია 40 000 ლარი; მიწის ნაკვეთს – წალენჯიხაში, რომლის ფასია 5 000 ლარი და პლუს, მამასთან ერთად, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფლობს ბინას, რომლის ფასად მითითებულია 11 000 ლარი. გარდა ამისა შვილების სახელზეა გაფორმებული 2 მიწის ნაკვეთი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, რომლებზეც მითითებულია, რომ ნაკვეთები 9500 და 3500 ლარის ღირებულებისაა.

ბინებისა და მიწის ნაკვეთების ფართობი მითითებული არ არის, თუმცა, 2002-2004 წლებში, როდესაც ეს დეკლარაციებია შევსებული, საჯარო პირის ქონებრივი მონაცემების დეტალურად ჩაწერის მოთხოვნა არ ყოფილა და შესაბამისად, დეკლარაციებიდან ინფორმაციებს დიდად ვერ მიიღებ. ამის მიუხედავად, კითხვას აჩენს ის, რატომ ან სად გაქრა 2002-2004 წლების დეკლარაციებში კორნელი სალიას სახელზე გაფორმებული წალენჯიხის ბინა და მიწის ნაკვეთი, სადაც დიდი ალბათობით, საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ცხოვრება ახლა აუცილებლად მოუწევს.