წალენჯიხის საკრებულოსაც ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს

337

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც, ჩხოროწყუს მსგავსად, ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს.

წალენჯიხის საკრებულოს პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრი უხელმძღვანელებს. კორნელი სალია თავმჯდომარედ მეხუთე მცდელობაზე აირჩიეს. მან 14 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სალიას კანდიდატურას ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 1 ბიულეტენს ხელმოწერა აკლდა და ის ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ჩათვალა.

შესვენების შემდეგ სხდომას პროტესტის ნიშნად არ შეუერთდნენ  “ქართული ოცნების” დეპუტატები.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოში 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, ენმ-ის და “ქართული ოცნებას” 11-11 წევრი ჰყავს, “ლელოს” 1, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” 3 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

კენჭისყრას წინ მცირე დაპირისპირება უძღოდა მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის. ენმ-ის განცხადებით, არ სურთ მმართველ პარტიას ჰქონდეს რაიმე თანამდებობა საკრებულოში. სწორედ ამიტომ, ისინი “ოცნების” კანდიდატებს არ დაუჭერენ მხარს.

ამ სიტყვებმა მმართველი პარტიის დეპუტატები გააღიზიანა. მათი თქმით, საკრებულოში უმრავლესობა არც ენმ-ს აქვს. შესაბამისად, ეს საკითხი არ არის მათი გადასაწყვეტი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომაროს არჩევას 17 ნოემბრიდან ცდილობდნენ.