ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაორმაგდა

471

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა. აქამდე მოქალაქეს 20 თეთრის გადახდა უწევდა, მიმდინარე კვირის სამშაბათიდან კი 40 თეთრი გახდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ქუჩებში შპს „ჯეოტივის“ ტრანსპორტი მოძრაობს. მგზავრობის საფასურის ნახევარს ახალციხის მერია სუბსიდიის სახით ფარავს. მიმდინარე წელს საქალაქო ტრანსპორტისთვის 22 000 ლარი იყო გამოყოფილი, საფასურის გაზრდასთან ერთად 44 000 ლარამდე მოიმატა სუბსიდიის თანხამაც. რეალურად საქალაქო ტრანსპორტით ერთი პირის მგზავრობა 80 თეთრი ღირს, აქედან ნახევარს თავად მგზავრი იხდის, დარჩენილ ნახევარს მერია.

“საწვავის, საბურავების, სხვა სათადარიგო ნაწილები გაძვრდა, ამიტომ მოიმატა ბილეთის ფასმაც”, – ამბობს შპს “ჯეოტივის” ხელმძღვანელი ნუგზარ მამუკაშვილი.

მისი თქმით, ქალაქში ერთი მიკროავტობუსი, ნახევარსაათიანი ინტერვალით მოძრაობს. ტრანსპორტი 09:00–დან 18:00 საათამდე დადის.