ბათუმში შარაშიძის ჩიხებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, კომპანია „ბონდი 2009“-მ უკვე დაასრულა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყო სანიაღვრე სისტემები. ამ ეტაპზე კი, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
შარაშიძის ჩიხების რეაბილიტაციისთვის ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
„აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, შარაშიძის ჩიხებში გზის კეთილმოწყობის მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა.
უკვე დასრულდა მიწისქვეშა და გარეგანათების სისტემების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება, მაისში კი, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება. ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება ჩვენს ქალაქს.
რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ესენია ახალი ატრაქციონების მონტაჟი, დამცავი კედლების, სკვერების, სპორტული მოედნებისა და შარაშიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.